ტბა, პარკი, დილა, ველოსიპედი, ძაღლი, სრული იდილია და ჰარმონია ბუნებასთან...სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ამ ბედნიერ ადამიანს.




Just...



ვიცი, რომ არასოდეს ვიქნებით ერთად.
ჰოდა, შევეგუები თანდათან ამ აზრს, სხვა გზა არაა.
სულ საკუთარ თავზე ვფიქრობ, უკვე აღარ შემიძლია.
მინდა, შენზე ვიფიქრო, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება.
იმიტომ, რომ იმიტომ. ეს მხოლოდ მე ვიცი.
დაე, დარჩეს ჩემთან, ჩემს გულში
და იქვე მოკვდეს და დაიმარხოს.
თუმცა, სანამ მოკვდება, დიდხანს იქნება ლოგინს მიჯაჭვული.
ევთანაზიაც შეუძლებელია.
სიყვარულის აბორტი მგონი არანაკლებ მტკივნეულია.
თანაც თვითონ, საკუთარი ხელით უნდა გაიკეთო.
უნდა ამოიგლიჯო სულიდან, გულიდან, ტვინიდან, როგორც სარეველა.
ამ ყველაფერს დიდი ენერგია მიაქვს თან... და
ბოლოს რჩება სიცარიელე, აპათია, ნიჰილიზმი, აბსურდი.


ეჰ, ნეტა იმ დროს, ასეთ ჭკუაზე რომ ვიყავი...


* * *

გწერ წერილებს, რომლებიც
შენამდე არასდროს მოვა,
ახლა კვლავ დადგა ზამთარი,
ჩემს გულშიც ჩამოთოვა.
ველი ვიღაცას, იმედით,
რომ ის ოდესმე მოვა,
იგი გამითბობს ხელებს,
გულშიც შეწყდება თოვა.
ვცოცხლობ იმისი იმედით,
რომ არ დამტოვებ მარტო
და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით,
სულ ერთად, ჩემო კარგო.
ბოლოს მთავრდება ზღაპარი,
მთავრდება სიხარულით,
იმაზე კარგი რა არის,
რომ ვცხოვრობთ სიყვარულით.
ვერ დაგვაშორებს ვერავინ,
სიკვდილიც კი ვერ შესძლებს,
მოვკვდები შენი მიჯნური
და დაგიტოვებ ლექსებს.


19 აპრილი,1998 წელი


მე შენ დაგმარხავ სიყვარულის სასაფლაოზე,
უცრემლოდ დაგაყრი ერთადერთ პეშვ მიწას,
მოგიტან უჩინარ ყვავილებს
და უსიტყვო სევდით ვიფიქრებ შენზე.
ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ განწირული ჩვილის
შესახებ არაფრისმცოდნე გულგრილობით
მეტყვი ისევ გამარჯობას.
ეს შენი ბრალი არაა,
საერთოდ, ყველა უდანაშაულოა.
ეს არის მკვლელობა მკვლელის გარეშე.
გული დამწყდება იმის ცოდნით,
რომ სხვა გიყვარს,
მაგრამ არ შევიმჩნევ.
ნახვისას გაგიღიმებ
და შენ წარმოდგენაც კი არ გექნება იმის შესახებ,
რომ ჩემი შენს მიმართ სიყვარული შორეულ სასაფლაოზე იხრწნება.
იხრწნება ცოცხლად, უსიტყვო ტკივილებით,
უთქმელი დარდით.
ვიცი, რომ სხვა გიყვარს და ერთადერთ რამეს გთხოვ,
გემუდარები, ისე, როგორც არავინ შეგხვეწნია:
არ დაუშვა, ოდესმე თქვენი სიყვარულის ხე გახმეს.
ყოველწამიერად მორწყეთ,
შემჭკნარი ფოთლებისგან გაათავისუფლეთ,
ნაყოფს ნუ დაალპობთ,
ერთმანეთს ნუ მოიბეზრებთ.
ფრთხილად იყავით, გევედრებით!
მე თქვენ მიყვარხართ!



ბევრი ადამიანი მიყვარს და მერე რა, რომ ამას ხშირად არ/ვერ გამოვხატავ?
მერე რა, რომ ზოგმა არც იცის ამის შესახებ? მერე რა, რომ მეც ვიცი, თუ როგორ ვუყვარვარ ზოგიერთ მათგანს? მერე რა, რომ ზოგის სიყვარულის შესახებ არ ვიცი?
მერე რა, რომ ჩემთვის ზოგჯერ არ უთქვამთ, რომ ვუყვარდი?
ამ ყველაფერს ვგრძნობდი, ინტუიციურად, ემოციურ დონეზე ვიღებდი იმპულსებს... რა მნიშვნელობა აქვს, რა დევს ამ სიყვარულში: მეგობრობა, ვნება, სურვილი თუ სხვა რამ? რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ. ზოგი შორს არის, ზოგი ახლოს, ზოგი საერთოდ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს... მთავარი ისაა, რომ მიუხედავად დრო-სივრცითი პრობლემების, მიყვარს თითოეული მათგანი, მახსოვს და თუ ეს სიყვარული ერთხელ მაინც გაიდგამს ფესვებს ჩვენში, ის სამუდამოდ რჩება, იზრდება და მარადმწვანე ხესავით ხარობს სულ, მუდამჟამს, საუკუნოდ... იგი გვასულდგმულებს და გვაძლევს ძალას, რომ განვაგრძოთ არსებობა, გავიღიმოთ, გავძლიერდეთ, განვვითარდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთის გვესმოდეს და ისევ და ისევ, გვიყვარდეს!


ბოლო ხანებში ხშირად ვგრძნობ დადებით ენერგიას, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომლისკენაც მის მიმართვას შევძლებდი :(თავს მარტოდ ვგრძნობ. ბოლო ურთიერთობის მერე უფრო მეტად განმიმტკიცდა სიმარტოვის განცდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთმანეთს მაინც დავშორდებოდით, მაგრამ გავრისკე. არადა, როგორ მინდოდა, მყვარებოდა და ბოლომდე მივნდობოდი. არ მომცა ამის საშუალება, უბრალოდ ხელი მკრა, უკუმაგდო. ბევრი ტკივილი დამიგროვდა. დრო ვერ კურნავს, უბრალოდ გვიყუჩებს ტრავმებს. რა ვქნა, რომ არ შემიძლია დეტალების დახარისხება? არ შემიძლია, გადავარჩიო და ზოგი რამ გულთან ახლოს მივიტანო და ზოგი დავიკიდო. ყველაფერი მოქმედებს ჩემზე. არ მინდა, შევიცვალო. ასეთი ვარ და მირჩევნია, გული მეტკინოს, მაგრამ მართალი დავრჩე საკუთარ თავთან და სხვებთან. ვიცი, რომ ისევ შევიყვარებ და ყველაფერს ზუსტად ისევ ისე გავაკეთებ, როგორც ყოველთვის. ოდესმე მაინც გიპოვი და ერთად უსაზღვროდ ბედნიერები ვიქნებით!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი