Ohne Dich

Ich vermisse dich so dolle... Du bist mein Teil.
Ohne Dich bin ich traurig und einsam.
Ich weiss gar nichts davon, was uns wartet, aber ich hoffe, dass wir noch lange zusammen bleiben und unsere Beziehung noch staerker und tiefer wird.
Ich hab' Dich lieb :)

წეღან დედაჩემმა იოგას წიგნები მაჩუქა. მოსკოვიდან წიგნები გამოიწერა და თურმე ესენიც შეუკვეთავს სპეციალურად ჩემთვის :) ძალიან გამიხარდა :)
ადრე, ღრმა ბავშვობაში და თინეიჯერობაში, აქტიურად ვვარჯიშობდი ხოლმე იოგას და ძალიან მსიამოვნებდა. ბოლო წლებში თანდათან საერთოდ შევეშვი და საშინლად მწყდებოდა გული. ჰოდა ახლა დედას ნაჩუქარმა წიგნებმა მეტი სტიმული მომცა ვარჯიშის დასაწყებად. ისედაც დიდი ხანია, იდეის და გეგმის დონეზე მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს შევძელი თავის მობმა.
ვნახოთ, რა გამომივა :)


წესით მოწყენილი უნდა ვიყო, ცხვირჩამოშვებული ვიჯდე და შენზე ვფიქრობდე.
შენზე კი ვფიქრობ, მაგრამ ბედნიერი ვარ :)
მანძილი და დრო ზოგჯერ მნიშვნელობას კარგავს.
ალბათ ჩემთვისაც გადალახა ეს ყველაფერი ჩვენს შორის არსებულმა.
ჰო, ის არსებობს, ცოცხლობს და ვითარდება.
ვიცი, რომ აზრი არა აქვს ზედმეტ ფიქრს, მომავლის განჭვრეტის მცდელობას.

საკმარისია, იმით ვიყო ბედნიერი, რაც ახლა, ამწუთას მაქვს. ჰოდა, ვარ კიდეც :)
მშვიდად ვარ. არავითარი ფორიაქი, ნერვიულობა და შფოთვა.
მთავარია, რომ შენ ხარ, არსებობ, სუნთქავ, სიცოცხლე გიხარია,
თავისუფალი ხარ და ბედნიერი. მიყვარხარ!


როგორ მინდა, ახლა შენს გვერდით ვიჯდე მაგ ავტობუსში.
მხარზე ხან შენ ჩამომადებდი თავს და ხანაც - მე.
მგზავრობით დაღლილებს ჩაგვეძინებოდა
და როცა გავიღვიძებდით, ზღვას დავინახავდით :)
დილის 7 საათი იქნებოდა, მზე ახალი ამოსული, ცოტა ეგრილებოდა,
ზღვის სუნი იდგებოდა.
და სიმშვიდე, სრული სიწყნარე და იდილია. შენ იქნებოდი და მე.


~~~

ყოველთვის ვერ იტყვი იმას, რაც გინდა.
ყოველთვის ვერ გააკეთებ იმას, რაც გსურს.
ყოველთვის ვერ იქნები იქ, სადაც გულით გინდა ყოფნა.
ყოველთვის ვერ იფიქრებ საკუთარ თავზე.
ყოველთვის ვერ იქნები ბედნიერი.
ყოველთვის ვერ იქნები დამოუკიდებელი.
ყოველთვის ვერ იქნები მარტო.
ყოველთვის ვერ იქნები ახალგაზრდა.
ყოველთვის ვერ იქნები ის, ვინც გინდა რომ იყო.
ყოველთვის ვერ იქნები ყველასთვის საყვარელი.
ყოველთვის ვერ იქნები გულწრფელი.
ყოველთვის ვერ დაინახავ შენსკენ მომართულ ყურადღებას.
ყოველთვის ვერ იქნები პრინციპული.
ყოველთვის ვერ იქნები ერთგული.
ყოველთვის ვერ შეასრულებ საკუთარ სიტყვას.
ყოველთვის ვერ გამოხატავ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იტყვი უარს ცდუნებაზე.
ყოველთვის ვერ დაიკიდებ ყველას და ყველაფერს.
ყოველთვის ვერ ეყვარები იმას, ვისაც ახლა უყვარხარ.
ყოველთვის ვერ იქნები კარგი მეგობარი.
ყოველთვის ვერ გაიღიმებ.
ყოველთვის ვერ გეტკინება.
ყოველთვის ვერ აჯობებ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იქნები ძლიერი.
ყოველთვის ვერ გააკეთებ სწორ არჩევანს.
ყოველთვის ვერ იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით.
ყოველთვის ვერ გექნება რაღაცის გამოსწორების შანსი.
ყოველთვის ვერ მოასწრებ ყველაფერს.
ყოველთვის ვერ იფიქრებ.
ყოველთვის ვერ.................................................

ახლა სამსახურში ვარ და არაფერი მაქვს გასაკეთებელი. ჰოდა ამიტომ ჩავუჯექი ბლოგებს
და ჩემს სიაში ახალი ლინკებიც ჩავსვი.
ბევრი საინტერესო ბლოგია და თანდათან ყველას უნდა გავეცნო.
ძალიან მინდა, უფრო აქტიური ბლოგერი გავხდე და დიზაინიც გავაუმჯობესო.
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გამოვა :)


გუშინ გვიან დავიძინე და დღეს შუადღემდე მეძინა.
ვერ ვიტან ასე უაზროდ ძილს, თანაც ყველაფერი ჩახუთულია
და ამ დროს სრულიად ვითიშები ხოლმე. დილას გამეღვიძა, მაგრამ ძილი შევიბრუნე
და მერე უსიამოვნო სიზმარი ვნახე. ისიც იყო მასში. მე არაფერს მერჩოდნენ, იმას - კი.
ჰოდა, ცუდი განწყობით გავიღვიძე.

გუშინ თბილისის ჰაერს ვაკვირდებოდი. სრული კატასტროფა.
მტვრიანი, გამონაბოლქვით სავსე, შესქელებული. ჩვენ ამ ჰაერს ვსუნთქავთ და
ამის მიუხედავად, ჯერაც ცოცხლები ვართ.
ადამიანი მართლაც ყველანაირ საცხოვრებელ პირობას ეგუება.
სხვა გზა არც გვაქვს. როგორ გინდა შეაგნებინო ათასობით და ათი ათასობით ადამიანს,
რომ ამდენი მანქანა ერთ ქალაქში მეტისმეტია?
არ კლებულობს ავტომობილის ქონის მსურველთა რიცხვი და დღითი დღე
უფრო მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა :(
არავის მოსვლია თავში აზრად ველოსოპედის ბილიკების გაკეთება და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოიფიქრებენ.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან არასპორტული ერი ვართ.
მარტო იმაზე ვფიქრობთ, სად დავდოთ ტრაკი. ყველაფერი გვეზარება. ჰო, ეს ასეა.
თუნდაც საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას - იდეაში ყოველთვის მინდა, ვიარო აუზზე
და ვივარჯიშო, მაგრამ რეალურად ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას.
არადა, ვგრძნობ, როგორ მჭირდება ფიზიკური დატვირთვა და კუნთების გამკვრივება. მთავარია დაწყება და მერე წესით ინერციით უნდა წავიდეს ყველაფერი.
იქით კვირაში ხელფასს ავიღებ და იქნებ როგორმე თავი მოვაბა აუზზე სიარულს.


ძალიან მინდა, ყველაფერი კარგად იყოს.
ბოლო ხანებში სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც მაგვიანდება.
ადრე მსგავსი განცდა არ მქონია.
კიდევ შევამჩნიე, რომ ზოგჯერ ხელები მიკანკალებს.
როგორც ჩანს, არაცნობიერში რაღაცა ხდება.
პრინციპში, მშვენივრად ვიცი, რაც ხდება, ვის გამოც მიმდინარეობს ეს ყველაფერი.
ყოველთვის ვიცოდი, რატომ ვიყავი ისე, როგორც ვიყავი. თუ არ მომწონდა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, დისკომფორტს განვიცდიდი.
მერე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ და ტკივილის ხარჯზე ვისწავლე რაღაცეების მართვა ჩემს თავში. ტყუილია ის გამოთქმა, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი კი საკუთარზეო. მგონი ისიც მანდაა - ბრძენი საერთოდ არ უშვებს შეცდომებსო. ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრებები სისულელეა და მეტი არაფერი. იმიტომ, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით,
საკუთარი თავის გავლით ეზიარება და ეს უდაოა.
რაღაც ძალიან ფილოსოფიაში გადავვარდი და არ მინდა. აქ გავჩერდები.

არ ვიცი, ვისი ფოტოა, მაგრამ ძალიან მომწონს


ბლოგამდე ვეღარ მოვაღწიე. ეს დღეები ძალიან გაბრუებული ვარ სიცხისგან და საღამოობით ვითიშები ხოლმე. იმ დღეს 7-ზე მოვედი სამსახურიდან, ცოტა დავისვენე, ვჭამე და 9-ს წუთებზე წამოვწექი. ერთი საათით ვაპირებდი წაძინებას, მაგრამ საბოლოოდ დილის 10-ის ნახევრამდე მეძინა.

ბოლო ხანებში ბევრი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და ეს დღეები სამსახურიდან ვკითხულობდი ხოლმე. ერთ რაღაცას მივხვდი - მსიამოვნებს დეპრესიული, სევდიანი, მელანქოლიური და "გრუზი" ნაწერების კითხვა. ისინი უფრო მეტად ახდენს შთაბეჭდილებას, ვიდრე მხიარული პოსტები.

~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~


ნახევარი საათია, რაც სამსახურიდან მოვედი. როცა გამოვედი, წვიმა იწყებოდა. მერე ფეხით წავედი მარშრუტკის გაჩერებამდე საკმაოდ დიდ მანძილზე და ამ დროს დასცხო. ერთი საათი გზაში ვიყავით, საშინელი საცობები იყო ყველგან. სანაპიროზე მანქანები ტროტუარებზეც დადიოდა :))) აიპოდი რომ არ მქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. ვუსმენდი ჯეფ ბაკლის, თრევისს, მორისეის და თან მარშრუტკის ფანჯრიდან ვუყურებდი ნიაღვრებიან ქუჩებს, ადამიანებს... თან ვფიქრობდი.
ისე ვეჭიდები პოზიტივს, როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს. არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში! არაფერს და არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ განწყობა გამიფუჭოს, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. მეგი, ჭკვიანად თუ არ იქნები და ნერვებს თუ მომიშლი, ცუდ დღეში ჩაგაგდებ. ძილის წინ წკიპურტებსაც მივირტყამ. პეპის შველოდა ხოლმე ეს მეთოდი და იმედია, ჩემზეც იმოქმედებს.
მიხარია, რომ ვმუშაობ და მოდუნების საშუალება არ მაქვს. ვიცი, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უნდა ავდგე დილას და სამსახურში წავიდე. იქ მელოდება საქმე, რომელიც ჩემგან კონცენტრირებას ითხოვს და შესაბამისად, ფაქტიურად აღარ მრჩება დრო, სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო.

~~~~~~~~~


დილას მაღვიძარას უნდა დავეღვიძებინე, მაგრამ ძალიან გათიშულს მეძინა და 11-ის 15 წუთზე გამეღვიძა. მერე სამსახურში წავედი და 7-ზე სახლში მოვედი. რამდენიმესაათიანი მონოტონური სამუშაოს შემდეგ აშკარად მჭირდებოდა გასერინება, მაგრამ არავის ეცალა ჩემთვის :( ის დაბ. დღეზე წავიდა, თიკო წყნეთში ასულა და იქ რჩებოდა, ელენე სახლში იყო და რაღაც საქმეები ჰქონდა... სხვებისთვის არც დამირეკავს. ეკა ვაზისუბანში ცხოვრობს და ისედაც ვერ ვნახავდი. დანარჩენები მუშაობენ და საღამოობით ძირითადად არაფრის თავი აღარ აქვთ ხოლმე. ჰოდა, საბოლოოდ იძულებითი წესით სახლში დავრჩი. არადა, ისეთი სასიამოვნო საღამო იყო და ფეხებიც ისე გამირბოდა სახლიდან...

კიდევ რაზე ვფიქრობდი, იცით? ადამიანები გულთან ახლოს მიმყავს ხოლმე. თავისთავად, ბინებრივად, უნებლიედ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვლაპარაკობ. ჰოდა, ვინმე ერთხელ მაინც თუ მოვა ჩემს გულთან ახლოს, სამუდამოდ იქ რჩება ხოლმე. მერე ყველაფერს განვიცდი, რასაც ისინი აკეთებენ ჩემთან მიმართებაში. არ შემიძლია, ზოგი რამ უბრალოდ დავიკიდო, გავატარო ან ჩავყლაპო. ძალიან მოწყლვადი ვხდები ამ დროს. და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ამ დროს უმარტივესია ჩემთვის გულის ტკენა. არადა, სხვა დროს ძალიან ძნელად მწყინს ხოლმე რაღაც. შეიძლება მინდოდეს, გულიდან შორს გადავსვა რომელიმე ადამიანი, მაგრამ ეს ფუნქცია კონტროლს არ ექვემდებარება, ძალიან თავნებობს. თითქოს ფესვებს იდგამს ხოლმე შიგნით, სიღრმეში.

ის მენატრებოდა და ახლაც ძალიან მენატრება. მადარდებს და მაღელვებს ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. მინდა, რომ ყველაფერი ისე ჰქონდეს, როგორც თვითონ უნდა.
მინდა, ყველა მავნე ჩვევა დაძლიოს. მინდა, საკუთარი დადებითი თვისებები უფრო ხშირად გამოავლინოს და იმასაც მიხვდეს, რომ ცუდი თვისებები უბრალოდ სიჯიუტის და ბავშვური ახირების ბრალია და არა მისი არსიდან გამომდინარე.
მინდა, მიხვდეს და გააცნობიეროს, ვინ არის და რა შეუძლია. მე გვერდში გყავარ, იცოდე! სადაც ხარ, მშვიდობით ყოფილიყავი. მენატრები, შენზე ვფიქრობ. ძილი ნებისა, პატარ! :)))


საბოლოოდ დავუბრუნდი ბლოგს. ვგრძნობ, რომ წერა მჭირდება. მინდა, უფრო თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრები და ემოციები, მაგრამ ჩემი ვარაუდით ამ კონდიციამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება.


ხვალ სამსახურში მივდივარ, რაც უკვე თავისთავად პლიუსია, იმიტომ, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტის წინ არ მქონდა მუდმივი სამუშაო ადგილი. მინდა, მხოლოდ კარგს ველოდო, მაგრამ ვიცი, შიგადაშიგ ნეგატივიც გამოერევა. აქცენტი აუცილებლად პოზიტივზე გაკეთდება :)


ახლა კი ხვალამდე. ძილი ნებისა!


პ.ს. ტკბილად იძინე :)))))))))))))

~~~~~~


როცა გგონია, რომ ადამიანი ძალიან ახლოსაა, უცებ ისეთ დისტანცირებას ახდენს შენგან, რომ თითქოს სინათლის წელიწადი იყოს თქვენს შორის.
საბოლოო ჯამში მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ უკლებლივ ყველა მარტოსულები ვართ. რთული არსებები ვართ, რას ვიზამთ. ის, ვინც უფრო მარტივია, მისთვის კომფორტი და ბედნიერება უფრო ადვილად მისაღწევია. ამაზე ჩემს მეგობართანაც მისაუბრია, რომელიც ჭკვიანი ადამიანია. ისიც დამეთანხმა იმაში, რომ ვისაც ნაკლები მოთხოვნილებები აქვს, ის უფრო მარტივად ხდება ბედნიერი და იმათზე უკეთესად გრძნობს თავს, ვინც უფრო ინტელექტუალური და განვითარებულია. ადამიანი, ვინც ბევრს ფიქრობს, მუდმივად სტრესშია. ვერასოდეს ახერხებს განტვირთვას, უბრალოდ ზოგჯერ ითიშება.

Stop thinking, let's drinking!

გულთან ახლოს


იმის შემდეგ არაფერი მახსოვს,
რაც შენ დაბინავდი გულთან ახლოს.
კარგად ვიცი, მე ვარ შენი მელა,
ვისაც უყვარს თავის მახრჩობელა.
მოდი, შენ იყავი ჩემი მთვარე,
მე ვიქნები შენი თანამგზავრი.
ჩუმად გეტყვი, მოდი, დამემგზავრე,
მე ვიქნები გზა და შენ კი - მგზავრი.


დროთა განმავლობაში ვხუნდებით. ხუნდება მოგონებები, ბუნდოვნდება, თვალსა და ხელს შუა იცრიცება და ბოლოს ცნობიერების უფსკრულში უჩინარდება. შესაძლებელია, ისე მოვახერხოთ, რომ ფერების ინტენსივობა მუდმივად შენარჩუნდეს? თეორიულად შესაძლებელია, თუმცა უზარმაზარ რესურსებს საჭიროებს.
ამის წერა დავიწყე, მაგრამ გაგრძელებას ვეღარ ვაბამ თავს. აზროვნების ძაფი დამეკარგა...

~~~



გუშინ შენს კართან უჩინარი ლილია დავტოვე, რომელსაც გადაუარე.
მისი ფურცლები ფეხსაცმელზე აგყვა და ქუჩის მტვერს შეერია.
გუშინწინ ქარს კოცნა გამოვატანე, რომელმაც შენს დაკეტილ ფანჯარასთან იცადა, იცადა და ბოლოს მინაზე ჩამოეღვენთა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


~~~~~~~~~~~~~~

მოკითხვა სამალიოტის მაჩვისგან :)))

ჩემთან ყველაფერი კარგადაა. არის რუტინული ელემენტები - მაგ. სამსახური, მაგრამ საბოლოო ჯამში დღე არასოდეს გამოდის ერთფეროვანი. პოზიტივის ნიშნული ჯერაც მაღლაა და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰო, ამაში ერთ ადამიანს მიუძღვის წვლილი :)

თითქოს ისე აღარ მეწერინება, მაგრამ როცა მომივლის, მოვალ ხოლმე.
მინდა, ყველაფერი კარგად იყოს თქვენთან და ჩემთან :)
ასეც იქნება, ვიცი!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი