არის კონტაქტი?

რახანია, ბლოგის აღდგენაზე ვფიქრობ. რაღაცეები დავწერე კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე და დავდრაფტე. ჰოდა, ახლა მივხვდი, რომ სჯობს, უბრალოდ მოკლე პოსტი დავწერო, ხელახლა მოგესალმოთ ყველას, ვინც აქ მოხვდებით და პირველი ნაბიჯიც გადადგმული იქნება.
დღეს უსიამოვნო დღე მქონდა და ახლა, ბლოგის აღდგენის სახით, პოზიტივს შევძენ დღევანდელი ღამეს.
სულ ცოტა ჩემ შესახებ – ვარ მეგი, 27 წლის. როგორ და რანაირად ვარ ხოლმე, ამას უკვე ბლოგიდანაც შეიტყობთ სულ მალე :)

high & dry

სანამ მიგდებული მქონდა აქაურობა, ბევრი რამ მოხდა.
პირველ რიგში, ის, რომ შეყვარებულს დავშორდი.
აზრი არა აქვს ამ თემაზე ლაპარაკს, უკვე ჩავლილი თემაა.
26 მაისს ჩემს მეგობარს ქორწილი ჰქონდა და ძალიან კარგი იყო.
არაჩვეულებრივი ადამიანია და მიხარია, რომ ბედნიერია.
ჩემი სხვა მეგობარი 3 თვის ფეხმძიმეა. ჩემი მეგობრის ცოლი სექტემბერში მეორე ბავშვს აჩენს.
მოკლედ, გარშემო ძირითადად სულ კარგი ამბებია და შესაბამისად, მეც პოზიტიური განწყობა მაქვს.
წესით უახლოეს ხანებში მუშაობა უნდა დავიწყო და ესეც მმატებს სტიმულს.
კიდევ 1 სიახლეა, რომელზეც ჯერ ძალიან ვიწრო წრეში ვსაუბრობ და ამჯერად არ გავამხელ :P
ვრწმუნდები, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. რაც არ უნდა ცუდი რაღაცეები ხდებოდეს ჩემთან და სხვებთან,
მაინც იმედიანად ვარ ხოლმე, სულით არ ვეცემი. ბოლო თვენახევარში ისეთი დღეებიც მქონდა, როცა მთელი დღე სახლში გამიტარებია, კომპთან ვიჯექი და მერე დილას დაძინებული საღამოს ვიღვიძებდი... რამდენჯერმე დეპრესიის შეტევაც მქონდა და არაფერი მინდოდა ლოგინში გდების გარდა, მაგრამ ამ სიტუაციიდანაც გამოვძვერი.
ჰო, პოსტის სათაურს რაც შეეხება, ზუსტად ისეთ მომენანქოლიურო-მოსენტიმენტალურო განწყობაზე ვარ, Radiohead-ის ამ სიმღერაში რომ იგრძნობა.

ყველაზე ძვირფასი

ვინც აქ შემოდიხართ, მინდა გკითხოთ, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი თქვენთვის.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი და ორი რაღაცის დასახელება არაა აუცილებელი.
გამიხარდება, თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ :)

ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის:

* წუთები, როდესაც იმდენად ბედნიერი ვარ, რომ დრო ჩერდება.
* ოჯახის წევრები.
* მეგობრები.
* შეყვარებული.
* ხელოვნება (ზოგადად).
* თავისუფლება.
* სიყვარული - ნებისმიერი სახით გამოხატული.
* ბავშვები.
* სიკეთე - ნებისმიერი სახით გამოხატული.
და კიდევ უამრავი რამ.

ბანალურობას ვერსად გავექეცი, მაგრამ რაც ახლა სპონტანურად დაფიქრებისას ჩამოვაყალიბე, ესაა.

მტკივა!

გული მტკივა იმის გამო, რომ ბოლო ხანების აქციებზე ამდენი გასაცოდავებული, ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანი მიჰყავთ და იმედს უნერგავენ. იმაზე მეტი საშინელება არაა, ვიდრე ბედისგან ისედაც დაჩაგრული და მრავალომგამოვლილი ადამიანების იმედით სპეკულაცია.
ქართველი ( და არა მარტო) პოლიტიკოსები, ერთეულების გამოკლებით, ერთმანეთზე ბინძურები არიან. და საერთოდ, პოლიტიკა ყველაზე ბინძური რამაა.
ადამიანები მეცოდებიან. ისინი, ვისაც პოლიტიკოსების იმედი აქვს - მიშისტებიც და ოპოზიციის მომხრეებიც.
მე ახალგაზრდა ვარ და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია საიმისოდ, რომ ცხოვრების პირობები გავიუმჯობესო - მეტი დრო და შანსი მაქვს. რა უნდა ქნას მოხუცმა, უნარშეზღუდულმა ადამიანმა ან ქუჩის ტოქსიკომანმა ბავშვმა?
არცერთი პოლიტიკოსის მმართველობის შემთხვევაში გადაიჭრება ის უამრავი სოციალურ-მორალური პრობლემა, რომელიც ყოველდღე არაერთხელ გვხვდება ჩვენს გარშემო. ნუ, ცხოველების და ბუნების დაცვაზე საერთოდ არაფრის თქმა ღირს, მაინც მეორეხარისხოვანად აღიქვამს თითქმის ყველა.

მტკივა, ძალიან მტკივა ეს ყველაფერი :(

~~~~~

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ძალიან მიყვარს, აქ სულ 1-2-ჯერ დავდე ჩემთვის საყვარელი სიმღერები და ისიც უბრალოდ თემატურად შეესაბამებოდა ჩემს იმჟამინდელ განწყობას.
გადავწყვიტე, დღეიდან უფრო ინტენსიურად გაგაცნოთ ჩემთვის საყვარელი მელოდიები და კლიპები.
ორი დღეა, ეს სიმღერა ამეკვიატა. პირველად შარშან დეკემბერში მოვისმინე, უფრო სწორად, მიუნჰენის "Hardrock Cafe"-ში, დიდ ეკრანზე, კლიპი გაიჩითა და მაშინვე მომეწონა. მანამდე "avanged sevenfold" მხოლოდ სახელით ვიცოდი და ამ სიმღერიდან გამომდინარე დავინტერესდი. ვიფიქრე, თბილისში რომ დავბრუნდები, მათ მუსიკას მოვიძიებ-მეთქი, მაგრამ ჩემი გულმავიწყობიდან და რაჭველობიდან გამომდინარე გუშინდლამდე ვერ მოვაბი თავი :P სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს : )
5-6 სიმღერას მოვუსმინე და ეს მაინც ყველაზე მელოდიური და შთამბეჭდავი მომემჩვენა. კლიპი ბევრი არაფერია, მაგრამ მელოდია და ტექტსი მომწონს. იგრძნობა "Guns 'N Roses"-ის და სხვადასხვა ცნობილი hard rock ჯგუფების გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ორიგინალურია.
მოისმინეთ და თუ სურვილი გექნებათ, თქვენი აზრებიც დააფიქსირეთ :)
ამ ლინკზე შეგიძლიათ კლიპი და ტექსტი ერთდროულად ნახოთ:
http://www.lyricsmode.com/lyrics/a/avenged_sevenfold/seize_the_day.html

ბათუმი

ეს დღეები სულ მინდოდა მოვსულიყავი და ბევრი რამ დამეწერა. სხვადასხვა აზრები, განცდები, ემოციები და პატარ-პატარა ისტორიები.
ბოლო დღეებია საშინლად გაციებული ვარ და იძულებითი შინაპატიმრობა მიწევს. თან ისეთი საშინელი ამინდები დაემთხვა, რომ ნამდვილად სახლში ყოფნა სჯობდა. ახლა უკეთესაც ვარ და ხვალიდან ისევ ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.
რეჟიმი მაინც ვერ მოვიწესრიგე, მაგრამ ამწუთას ეს მაინცდამაინც არ მაღელვებს. ერთადერთი, რაც მინდა, ორშაბათიდან სამსახურის საქმეებზე სიარულისთვის თავის მობმაა.
1 კვირის წინ მობილური მომპარეს. დამენანა უამრავი ნომერი და სმს. ჯერ არსებობს პოვნის შანსი, მაგრამ თუნდაც ვიპოვო, მთელი ღირებული ინფორმაცია ამოშლილი იქნება :( არაუშავს, ამ ამბავს ძალიან ჩვეულებრივად ვუყურებ, ფაქტიურად აღარ მანაღვლებს. მთავარია, ყველა, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ჯანმრთელი და შეძლებისდაგვარად ბედნიერი იყოს, სხვას არაფერს ვჩივი :)

დილა მშვიდობისა, სამყაროვ! :)

69

69 იმიტომ, რომ სამოცდამეცხრე პოსტია ბლოგზე :)
საწუწუნოდ მოვედი.
უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. სამი თვეა, რაც უმუშევარი ვარ და ეს დრო მხოლოდ გართობასა და ლაზღანდარობაში გავატარე. ისედაც ძალიან ზარმაცი ვარ და ამ სიტუაციამ უფრო "შემიწყო" ხელი ამ თვისების სრულ დემონსტრირებაში.
არ მომწონს ასეთი ცხოვრება, ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როგორც ჩანს, არასაკმარისად საიმისოდ, რომ რეალური გადაწყვეტილებები მივიღო და გავყოჩაღდე. დრო ძალიან სწრაფად გადის და არაფერ ფასეულს არ ვქმნი.
მიუხედავად იმისა, რომ წესით ყველანაირი სამუშაო მისაღები და სასურველი უნდა იყოს ამ ყბადაღებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ქართული ქრონიკული (ყველანაირი) კრიზისის ფონზე, მაინც ამაღლებული მოთხოვნები მაქვს და მინდა, კრეატიული და საინტერესო სამსახური მქონდეს. ისეთი, რომელშიც საკუთარ თავს ნაწილობრივ მაინც ვარეალიზებ. არ მაქვს პრეტენზია მაღალ ხელფასზე, იყოს თუნდაც 300-400 ლარი. ახლა ვზივარ და ამ ყველაფერზე ვწერ, იმის მაგივრად, დავრბოდე და ვეძებდე სასურველ სამსახურს. სირცხვილია, 25 წლის ვარ და სამი თვეა უმუშევარი დავდივარ. დედაჩემის ხარჯზე ვცხოვრობ ამხელა ვირი. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ვაკეთებ - დროის ფლანგვაა. შემეძლო, ამდენი თავისუფალი დრო თავისუფლად გამომეყენებინა სწავლისთვის, ვარჯიშისთვის ან რაიმე პროდუქტიული საქმიანობისთვის.
მორჩა, აღარ მინდა წუწუნი. დღევანდელი ნორმა ამოწურულია.
სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები და ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მთელი გულით მიხარია. ეს ნათელი მომენტები რომ არა, აქამდე ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი.
ჰოდა, ბოლოს საკუთარ თავს მივმართავ: ჩემო თავო, ნუ ხარ ასეთი ზარმაცი, უსაქმური და ბედოვლათი, თორემ წლები ძალიან მალე გაივლის და ხელში არარაობა შეგრჩება. ოე-ოე, აზრზე მოდი!

ჩვენ


სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ.
იმხელა სითბო მოდის შენგან, შემიძლია უბრალოდ ჩაგეხუტო და მთელი ცხოვრება ასე ვიყო.
როცა გულში მიკრავ, დრო ჩერდება და სამყაროს ცენტრი შენში ინაცვლებს.
ყველაფერზე და ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ხელი ჩამკიდე და აღარასოდეს გამიშვა... ყველგან წამოგყვები, თვალდახუჭული ვივლი შენთან ერთად.
არასოდეს არაფრის შემეშინდება, შენ თუ გვერდით მეყოლები. უსიტყვოდ გაგიგებ ყველაფერს.
შენს თვალებში ამოვიკითხავ, რა გაწუხებს, რა გიხარია და რას განიცდი. როცა ცუდად იქნები, დაგამშვიდებ. ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ, ერთმანეთი თუ გვეყოლება!
ასე მგონია, ნავსაყუდელი ვიპოვე. დღითიდღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდები ჩემთვის.
ერთად გატარებული ყოველი წამი მორიგი აღმოჩენაა. რაც უფრო მეტად შემოვდივარ შენს სამყაროში, მით უფრო მეტად გესისხლხორცები.
მადლობელი ვარ თითოეული დღისათვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია და იმ დღეებისთვის, რომლებიც ჯერაც წინაა. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, რადგანაც ყველაფერი საოცრად მსხვრევადი და წარმავალია... მაგრამ ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ის სითბო, რომლითაც ერთმანეთს ვავსებთ, არასოდეს გაქრება. უბრალოდ ვიჭერ წამებს და მათში შენთან ერთად მარადისობას ვპოულობ :)
მაინც ვერ შევძელი იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ეს შეუძლებელია.
შენი თითოეული უჯრედით და მთელი არსებით მიყვარხარ...

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი