კიდევ ერთი ცვლილება

20 დეკემბრიდან მე და ჩემი ძმა მარტო ვიცხოვრებთ. დედაჩემმა ცალკე გადასვლა გადაწყვიტა. გამოდის, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ და ახლა მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. უფრო მეტად მიხარია, ვიდრე მწყინს. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება და ახლა ფაქტიურად ასეც იქნება. ჩემი დღის განრიგი ისედაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ახლა უკვე მეშინია, რომ გვიან დაძინებას ვეღარ ავცდები. ამისთვის საჭიროა სწორად დავგეგმო მთელი დღე. ერთი რამ, რაც დიდი პლიუსია, ისაა, რომ როცა და რამდენი ხნითაც მინდა, იმდენი ხნით მოვიყვან მეგობრებს :) დაბადების დღესაც სავარაუდოდ სახლში გადავიხდი. ფაქტიურად ყველაფერზე მე მომიწევს ზრუნვა, მაგრამ სახლის დალაგებაზე ერთი ქალი გვეხმარებოდა და ალბათ კვირაში ერთხელ მოვიყვანთ-ხოლმე. ყველანაირი სიახლისთვის მზად ვარ და რატომღაც მიხარია :)

არავითარი სინანული

ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ყველაფერს ალბათ ზუსტად ისევე გავაკეთებდი, როგორც ვქენი. იმიტომ არა, რომ ჯიუტი ან ქედმაღალი ვარ (ეს თვისებებიც მაქვს რაღაც დოზებში, რა თქმა უნდა). იმიტომ არ შევცვლიდი, რომ ყველა ამ შეცდომის დაშვების გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და ვიქნებოდი სრულიად სხვა ადამიანი. უკეთესი თუ უარესი, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ბედნიერებაა, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასე ხომ უინტერესო იქნებოდა ცხოვრება. ბარიერები და პრობლემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე უხერხემლო არსებები ვიქნებით ყოველგვარი იმუნიტეტის გარეშე. ყოველი შეცდომა და ზოგადად, ყველა მოვლენა, რაღაცნაირად აისახება ჩვენზე. რაღაც მომენტში ბედისწერისაც მჯერა. თუ გნებავთ, უვიცობაში ჩამომართვით. რაღაცა არსებობს :D

არაფერს ვნანობ. აქ არ იგულისხმება სიტუაციები, როცა მართალი არ ვიყავი და ბოდიშის მოსახდელად მქონდა საქმე. არასოდეს მიჭირს ბოდიშის მოხდა. ვერავინ დამაბრალებს არაგულწრფელობას. ჰოდა, არაფერს ვნანობ-მეთქი. არ ვნანობ არცერთ ურთიერთობას, არცერთ კოცნას, არცერთ ღიმილს, არცერთ ცრემლს, არცერთ სიტყვას, არცერთ გრძნობას, არცერთ გათენებულ ღამეს, არცერთ ქცევას..

I'm alive!

არ გავმქრალვარ, უბრალოდ არ დამიწერია. იმიტომ, არა, რომ არ მეწერინებოდა. არც იმიტომ, რომ მეზარებოდა. არც იმიტომ, რომ დრო ვერ გამოვნახე. არც იმიტომ, რომ ცვლილებები არ ყოფილა. პირიქით, ბევრი რამ შეიცვალა. ძირითადად პოზიტიური მოვლენები იყო. პრინციპში აქტიური დღეები მქონდა. ვმუშაობდი, მეგობრებს ვნახულობდი, რაღაც საქმეებზე დავრბოდი... ამ პერიოდში სიღნაღშიც გავისეირნე, კახურ ქორწილშიც მოვხვდი და სტრიპტიზ-ბარსაც ვეწვიე :D თანაც ეს ყველაფერი სხვათა შორის ერთი და იგივე დღეს მოხდა. კიდევ იყო ბევრი სასიამოვნო საღამო მარისთან, ნუცასთან, თაკასთან, ქეთისთან, დეასთან, ნუცისთან და სხვებთან ერთად. ახლა ყველაფრის ჩამოთვლას აზრიც არ ექნება. უახლესი ამბებით გავაგრძელებ. სამშაბათს პრაღაში მივფრინავ დედასთან და ძმასთან ერთად :) იქიდან გერმანიაშიც ვაპირებთ ჩასვლას. ერთი კვირით სრულიად ვწყდები აქაურობას! იმ დღეს ჩემს ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და მაშინ პირველად მოხვდა ჩემს ბლოგზე. იმას რომ არ ეთქვა, ვერც ვხვდებოდი იმას, რომ ჩემი ოცნება მოგზაურობაზე ასე სწრაფად ასრულდა :) ცხვირწინ მქონდა ეს ყველაფერი და ვერ ვაცნობიერებდი. ალბათ სხვა რამეებშიც ასეა. ბევრი რამ, რასაც ვნატრობ, უკვე მაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავ. იქნებ უფრო ფართოდ უნდა გავახილო თვალები? ჰო, ნამდვილად ასეა. ერთი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, მეგობრებია და საერთოდ, ურთიერთობები. შეუფასებელია!


აპათია



1 თვეზე მეტია, აღარაფერი დამიწერია აქ. ზოგისთვის ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის ძირითადად უღიმღამოდ ჩაიარა. იყო რამდენიმე ნათელი დღე, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი განწყობის შესაქმნელად.
სამსახურში ერთფეროვნებაა. ახალი წლის მერეც თუ ასე იქნა, წამოვალ იქიდან და უფრო საინტერესო სამუშაოს ვიპოვი. თითქოს ფოტოგრაფიის კურსებზეც მინდოდა მისვლა, მაგრამ რაღაცნაირად მეზარება, ფეხს ვითრევ. არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამახალისებდა და ჩემს შემოქმედებით მხარესაც ნაწილობრივ მაინც განვახორციელებდი.
ახლა ვზივარ აქ და გეწუწუნებით, როცა შემიძლია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მინდა.
რა მიშლის ამაში ხელს? რა და სტიმულის უქონლობა. დიდი ხანია, ეს მდგომარეობა მიგრძელდება. აი, ისევ ვწუწუნებ. მორჩა, აქ ვწყვეტ, ძალიან მომაბეზრებელია სხვისი წუწუნის კითხვა.
ის, ვისშიც ნამდვილად მიმართლებს, მეგობრებია. მათ გარეშე საერთოდ არ ექნებოდა რამეს აზრი. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვუყვარვარ, ვადარდებ და ყველაფრის თანაზიარია, შვებას მგვრის. რაც უნდა ცუდად ვიყო, მეგობრობაზე მაინც არასოდეს აისახება ეს.

ზამთარი მიახლოვდება და როგორც ჩანს, ამ ზამთრის გადაგორება მარტოდმარტო მომიწევს. არაუშავს, ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)


ბედნიერება

ბედნიერი თუ არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ამით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო. ისიც ბედნიერებაა, ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები, რომ შენი არსებობა 1 დღით გახანგრძლივდა. ისიც ბედნიერებაა, რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია, დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს სმენა და შეგიძლია, ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, გამთენიისას ჩიტების ჟღურტულს, ზღვის ხმაურს... ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტ-ნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას, რაც გაწუხებს ან გიხარია. ისიც ბედნიერებაა, რომ ერთი ქრომოსომა არ დაგაკლდა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად აზროვნებ.
ისიც ბედნიერებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენს ქვეყანაში საშინელება დატრიალდა, მაინც გაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ისიც ბედნიერებაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ბედნიერებაა, როცა ვიღაცას სჭირდები და ვიღაცა გჭირდება. კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია. ახლა, როცა ამ ნაწერს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ :)

Stormy Weather

ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი ამინდი. ცოტა ხანში სახლში მივდივარ და დასველებას ვერ ავცდები :) წეღან ვფიქრობდი, რომ ბოტები მჭირდება. ბავშვობის მერე აღარ მქონია. არადა, ასეთ ამინდში ზედგამოჭრილია. ჰოდა, გადავწყვიტე, აუცილებლად შევიძინო.

მიყვარს წვიმა :)
ის დღე მახსენდება, ჩვენ რომ ვსეირნობდით და გაგვიწვიმდა.
სკოლის ეზოში შევედით, სადაც ხის მორები ეწყო. იქ დავსხედით და კალთაში გეჯექი. ერთმანეთს ვკოცნიდით და თან გვაწვიმდა... ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს ორივე.
ვერ ვგრძნობდით ვერც სისველეს, ვერც სიგრილეს. მხოლოდ ერთმანეთი გვახსოვდა.
მინდა ისევ ისე იყოს ყველაფერი... ძალიან მინდა.

Better now

მიუხედავად გუშინდელი განწყობისა, ახლა ბევრად უკეთესად ვარ.
ამაში ბევრი ადმიანის წვლილია. როგორც კი ცხვირი ჩამოვუშვი, იმდენი
გამამხნევებელი სიტყვა და ქცევა წამოვიდა ჩემი მისამართით, რომ მომენტალურად გამომიყვანა მდგომარეობიდან. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ!
ასეთ მომენტებში თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის სტიმული, გავაგრძელო ცხოვრება და თავი მაღლა ავწიო.
ვეცდები, ყოველთვის გვერდში ამოგიდგეთ, ჭირშიც და ლხინშიც :)

ცას და მიწას შორის...

არაფერი მეტყობა, მაგრამ ცუდად ვარ. სხვა ვერაფერს შემატყობს. ისედაც არასოდეს მიყვარდა სხვების ჩემი პრობლემებით შეწუხება და ახლაც ზედმეტად მიმაჩნია.
მეგობრებმა კი იციან მიზეზი, მაგრამ მათაც თითქმის არ ველაპარაკები ამ თემაზე. საკუთარი თავის შველა ჩემით გადავწყვიტე. ძნელია.
ასე მგონია, რომ სადღაც ჰაერში ვარ გამოკიდებული, ცას და მიწას შორის. იქნებ მე ვარ უმადური და ვერ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს? მყავს მშვენიერი ოჯახი, კარგი მეგობრები, ნორმალური სამსახური, მაგრამ ის, ვინც ყველაზე მეტად მჭირდება, არაა ჩემს გვერდით. მიზეზი გაუგებარია. წვრილმანის გამო დავშორდით. ვფიქრობ, უბრალოდ საბაბი იყო. ერთადერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მაინც ვერაფერი გავიგე და ახლა აღარც ვეკითხები. ალბათ არ უნდა და მორჩა. ძალით კიდევ არასოდეს არაფერი გამოდის და მეთვითონ არ მენდომება. ყოველთვის იმას ვცდილობ, ვიყო თავისუფალი და ის ადამიანიც თავისუფლად გრძნობდეს თავს, ვინც მომწონს ან მიყვარს. ძალიან გულწრფელი ვარ ხოლმე. თითქოს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ურთიერთობა კარგად განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ინგრევა. ჯერაც არ დამიკარგავს სიყვარულის უნარი, ჯერაც შემიძლია, გავუმკლავდე გულისტკენას და ტკივილს, მაგრამ დავიღალე, გამოვიფიტე... ზოგჯერ ასე მგონია, შინაგანად დავბერდი-მეთქი. იმედიც მეწურება თანდათანობით. იმის რწმენა მეკარგება, რომ ოდესმე მეც მეღირსება შედარებით ხანგრძლივი და უღრუბლო ბედნიერება.
რომ იცოდე, რაც ჩემს გულში ხდება, ნეტა როგორ მოიქცეოდი? ფეხებზე გეკიდებოდა თუ სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდებოდა? იქნებ სინანულისაც? არ ვიცი. ახლა ჩვენს ურთიერთობას ”მეგობრობა” ჰქვია. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ მოგნატრებია ჩემი კოცნა? ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ნუთუ არცერთხელ არ მოგდომებია, ჩამხუტებოდი? რამდენჯერმე ხელი ჩამკიდე, ერთი-ორჯერ ხელი გადამხვიე, მაგრამ სულ ეს იყო.
მენატრები. გიყურებ, გესაუბრები, ჩემს გვერდითაც ზიხარ, მაგრამ მაინც მენატრები. ძალიან მენატრები!!!!!!!!

ერთი ჩვეულებრივი კვირადღე

დილიდან ქარი ქრის და მთელი ქალაქი მტვრითაა სავსე.
კვირადღე გამოძინების, დასვენების და უსაქმობის დღეა.
მე მაინც ვერ მოვახერხე გამოძინება, დილას საქმეზე წავედი.
დღეს ბებიას გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა...
ცოტა ხანში სასაფლაოზე მივდივართ. ჯერაც ვერ ვაცნობიერებ, რომ ბებია
აღარ არის. ამ დროის მანძილზე ბევრჯერ დამესიზმრა, მისი ხმა ხშირად მახსენდება
და ბევრ რამეზე მწყდება გული.

სინანული

უკმაყოფილო ვარ იმ ცხოვრებით, რაც ახლა მაქვს. ვნანობ იმას, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გამოვიყენე. საკუთარ თავს არ შევეწინააღმდეგე მაშინ, როცა არასწორად ვიქცეოდი. ვერ დავძლიე სიზარმაცე, რომელიც ყველაფერში ხელს მიშლიდა. არადა, სკოლაში ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. მაშინ ყველას ეგონა, რომ მუდმივად ასეთად დავრჩებოდი. ინსტიტუტში გავზარმაცდი. პირველ და მეორე კურსზე კიდევ არა მიშავდა, მაგრამ მერე ავუშვი. უბრალოდ ფეხებზე დავიკიდე სწავლა. ეს მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა. ძალიან მოუწესრიგებელი სასწავლო პროცესი გვქონდა, ფაქტიურად ექსპერიმენტები ტარდებოდა ჩვენს ჯგუფზე. ისეთი სალექციო კურსები იკითხებოდა, რომელიც არასოდეს წაუკითხავთ ჩვენამდე და ზოგი მას მერეც აღარავისთვის წაუკითხავთ :D მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, უამრავი სხვა ფაქტორი არსებობდა, რომელმაც სწავლის სურვილი დამიქვეითა და თითქმის ჩამიკლა კიდეც. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში ძალიან სუსტია და თითქმის ყველანაირ ენთუზიაზმს კლავს სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებში :D
ამ თემაზე საუბარს მოვრჩები. ჰოდა, ბევრ რამეს ვნანობ-მეთქი. არ მინდა, უშედეგო იყოს ეს სინანული. მთელი ჩემი ნებისყოფა უნდა მოვიკრიბო და ამ სამ საკითხს თავი უნდა მოვაბა: ინგლისურის და ფოტოგრაფიის კურსებზე მივიდე, მანქანის ტარება ვისწავლო. პროგრამა მინიმუმი შეგდენილია. მისი შესრულების შემთხვევაში შემდეგი ინსტრუქციებიც მექნება.

აგვისტოს მოვლენები და ჩემი განწყობა


ბოლო ერთი თვის მოვლენებმა ძალიან გადამღალა. გარშემო საშინელი დაძაბულობა იყო. ხალხი სრულ ისტერიაში და სასოწარკვეთაში ჩავარდა. მერე რაღაც კონცერტებით და ტაშ-ფანდურით თვალებში ნაცარი მოგვაყარეს, დაგვაჯერეს, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით დგას და არავის მისცემს ჩვენი დაჩაგვრის უფლებას. მეზიზღება პოლიტიკა და ყველა ის ბინძური ინტრიგა, რაც მას ახლავს. მეზიზღება ყველანაირი ომი! მეზიზღება პოლიტიკოსები, რომლებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით ხალხის გაბრუებას ცდილობენ და სინამდვილეში საკუთარ ტყავზე და ტრაკზე ზრუნავენ. მეზიზღება ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო ჩავარდა. მეზიზღება ის ფსევდოპატრიოტიზმი და მილიტარისტული სულისკვეთება, რომლის გამოც ამდენი ადამიანი დაიღუპა და სამწუხაროდ კიდევ დაიღუპება.
მინდა, ვიცხოვრო საქართველოში და არ მაიძულონ სხვაგან გაქცევა. მინდა, თავი ადამიანად ვიგრძნო და ვიცოდე, რომ დაცული ვარ და ჩემი აზრი რაღაცას წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ჩვენს მომავალს. თითქოს არ არსებობს საყრდენი და აქ, უპირველეს ყოვლისა, მორალურ-ფასეულობით საყრდენს ვგულისხმობ.

&~&~&



სიმღერა, რომელიც ჩემს ბოლოდროინდელ განწყობას გამოხატავს:

I want you the right way
I want you, but i want you to want me too
Want you to want me baby
Just like i want you
I'll give you all the love i want in return
But half a love is all i feel, sweet darling
It's too bad, it's just too sad
You don't want me no more
But i'm gonna change your mind
Some way, somehow
I want you the right way
I want you, but i want you to want me too
Want you to want me baby
Just like i want you
One way love is just a fantasy
To share is precious, pure and fair
Don't play with something you should cherish for life
Oh baby, don't you wanna care?
Ain't it lonely out there?
I want you the right way
I want you, but i want you to want me too
Want you to want me baby
Just like i want youI want you the right way
I want you, but i want you to want me too
Want you to want me baby
Just like i want you
I want you, the right way
Want me, baby
Don't play with something
You should cherish for life.

~@~@~@~

პრინციპში, ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ რაღაცეებით. როგორც საკუთარ თავში, ისე ჩემს გარშემოც.
ხვალ ორშაბათია და ცოტა მეზარება დილას ადგომა, სამსახურში წასვლა და ა.შ. თუმცა მეორე მხრიდან რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ვმუშაობ და მწყობრში ვარ :)
ახლა წერის ხასიათზე არ ვარ და სჯობს, წავიდე და დავიძინო.
როცა რამე საინტერესო მოხდება, მოვალ და გაგიზიარებთ :)

ანესთეზია


ყველაფერი, რაც გვამახსოვრდება, ან ტკივილთანაა კავშირში ან - ბედნიერებასთან.
ბედნიერების წილი ყოველთვის ნაკლებია ტკივილთან შეფარდებაში.
ანუ გამოდის, რომ ძირითადად გვტკივა.
ჰოდა, ერთი სასარგებლო რჩევა - თან ატარეთ გამაყუჩებელი
და ერთი შპრიცი, რომ დროულად ჩაიტაროთ ადგილობრივი ანესთეზია.
ამ ნაწერის კითხვისას ბუნებრივად გიჩნდებათ კითხვა, ხომ არ გავგიჟდი.
არა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ :)

ამბივალენტურად ვარ. ურთიერთსაპირისპირო შეგრძნებები ერთდროულად მეუფლება.
ეს მდგომარეობა გარდამავალი პერიოდის მახასიათებელია.

ახლა უკვე მართლა წავალ და დავიძინებ. წეღან მივდიოდი, მაგრამ უცებ წერის სურვილმა წამომიარა.
დროებით...

დუღილის ტემპერატურა

ვგრძნობ, როგორ ვდუღვარ შინაგანად. სიცხე არ მაქვს.
ყველაფერი ფუთფუთებს და ბორგავს. სრული ქაოსია.
ასე მგონია, მთელი უნივერსი ჩემს შიგნითაა მოქცეული.
უამრავი გზააბნეული ნაწილაკი, რომელიც უგზო-უკვლოდ მოძრაობს.
არ ვარ ღმერთი, რომ ერთი ხელის დაქნევით ყველაფერი მოვაწესრიგო
და თავის კალაპოტს დავუბრუნო.
თავისითაც დალაგდებიან, მაგრამ არ ვიცი, როგორ პოზიციებს დაიჭერენ.
უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ არის ერთი პლიუსი - ვგრძნობ, რომ ვარსებობ.
ეს ქაოსი ჩემში იმდენად შეგრძნებადია, რომ ჩემს არსებობას ასი პროცენტით ადასტურებს.

ძალიან მეძინება. ხვალ სამსახურიდან კიდევ დავწერ რაღაცეებს.
დროებით :)

სანუკვარ ოცნებათაგან ერთ-ერთი :)

თინეიჯერობის პერიოდიდან მოყოლებული, სულ მინდა, ვიმოგზაურო.
ნაწილობრივ გამომივიდა. 1 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და იქ ყოფნის მანძილზე

ქვეყნის შიგნითაც ბევრი ვიხეტიალე და ევროპის 6 ქვეყანაშიც ვიყავი.
თუმცა ეს მაინც დაგეგმილი ტურები იყო, მე კი სპონტანურობა მირჩევნია.
ზოგჯერ, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი და არავის დანახვა არ მინდოდა, წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მანქანა მყავდა. ჰოდა, ამ მანქანაში ვალაგებდი ბარგი-ბარხანას და წავიდოდი სამოგზაუროდ. სრულიად მარტო. ფულიც საჭირო კომპონენტი იყო, რაღა თქმა უნდა.
ახლაც წამომივლის ხოლმე ხეტიალის სურვილი, მაგრამ არაფერს ვაკეთებ მისთვის

ხორცის შესასხმელად. ყოფითი პრობლემები აქაც უაზროდ გამოეჩხირება ხოლმე:
ხელფასის არასაკმარისი ოდენობა, დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, სხვადასხვა რისკები და რაც მთავარია, 1 ან რამდენიმე ჩემი ჭკუის ადამიანი.
და მაინც, მჯერა, რომ ოდესმე და იმედია, არა ღრმა სიბერეში, ამ ყველაფერს რეალობად ვაქცევ. შეგიძლიათ, შემომიერთდეთ :) როგორც კი ხელფასი გამეზრდება საიმისოდ, რომ ცოტ-ცოტა გადავდო, ფულის შეგროვებას დავიწყებ.


პ.ს. ამდენ რაღაცას ვგეგმავ და ის ანდაზა გამახსენდა: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მაინც იმედი მაქვს, ღმერთი ამ შემთხვევაში მაინც დარჩება მოწოდების სიმაღლეზე და სერიოზულ გამომეტყველებას მედგრად შეინარჩუნებს :D

მადლობა, ნუცი!


არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
უდიდეს ბედნიერებას იმსახურებ და ვიცი, აუცილებლად ასე იქნება :)
ჩვენ ერთმანეთის თერაპევტები ვართ :D
და კიდევ, ტელეპათია ;)

იმ კლუბის იდეა შენგან მოდის და იცოდე, თავი უნდა მოვაბათ :)))
ახლა წარმოვიდგინე და რა მაგარი იქნება :D
ლავ იუ :*:*:*

Status Quo აღდგა

დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია. ამასობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა.
ომზე არაფრის თქმა არ მინდა, უკვე ყველაფერი ითქვა.
უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ყველანაირი ომი მეზიზღება და ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები.

ჩემშიც არეულობა იყო, მაგრამ სტატუს ქვო ნელ-ნელა დგება.
მიკვირს, როგორ ვახერხებ ამდენი რაღაცის გადახარშვას და ხალისის შენარჩუნებას.
სადამდე მეყოფა ეს რესურსები, არ ვიცი და ახლა არც მაინტერესებს.

დავბრუნდები. როცა წერა ამიტანს, ისევ მოვალ :D

Ohne Dich

Ich vermisse dich so dolle... Du bist mein Teil.
Ohne Dich bin ich traurig und einsam.
Ich weiss gar nichts davon, was uns wartet, aber ich hoffe, dass wir noch lange zusammen bleiben und unsere Beziehung noch staerker und tiefer wird.
Ich hab' Dich lieb :)

წეღან დედაჩემმა იოგას წიგნები მაჩუქა. მოსკოვიდან წიგნები გამოიწერა და თურმე ესენიც შეუკვეთავს სპეციალურად ჩემთვის :) ძალიან გამიხარდა :)
ადრე, ღრმა ბავშვობაში და თინეიჯერობაში, აქტიურად ვვარჯიშობდი ხოლმე იოგას და ძალიან მსიამოვნებდა. ბოლო წლებში თანდათან საერთოდ შევეშვი და საშინლად მწყდებოდა გული. ჰოდა ახლა დედას ნაჩუქარმა წიგნებმა მეტი სტიმული მომცა ვარჯიშის დასაწყებად. ისედაც დიდი ხანია, იდეის და გეგმის დონეზე მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს შევძელი თავის მობმა.
ვნახოთ, რა გამომივა :)


წესით მოწყენილი უნდა ვიყო, ცხვირჩამოშვებული ვიჯდე და შენზე ვფიქრობდე.
შენზე კი ვფიქრობ, მაგრამ ბედნიერი ვარ :)
მანძილი და დრო ზოგჯერ მნიშვნელობას კარგავს.
ალბათ ჩემთვისაც გადალახა ეს ყველაფერი ჩვენს შორის არსებულმა.
ჰო, ის არსებობს, ცოცხლობს და ვითარდება.
ვიცი, რომ აზრი არა აქვს ზედმეტ ფიქრს, მომავლის განჭვრეტის მცდელობას.

საკმარისია, იმით ვიყო ბედნიერი, რაც ახლა, ამწუთას მაქვს. ჰოდა, ვარ კიდეც :)
მშვიდად ვარ. არავითარი ფორიაქი, ნერვიულობა და შფოთვა.
მთავარია, რომ შენ ხარ, არსებობ, სუნთქავ, სიცოცხლე გიხარია,
თავისუფალი ხარ და ბედნიერი. მიყვარხარ!


როგორ მინდა, ახლა შენს გვერდით ვიჯდე მაგ ავტობუსში.
მხარზე ხან შენ ჩამომადებდი თავს და ხანაც - მე.
მგზავრობით დაღლილებს ჩაგვეძინებოდა
და როცა გავიღვიძებდით, ზღვას დავინახავდით :)
დილის 7 საათი იქნებოდა, მზე ახალი ამოსული, ცოტა ეგრილებოდა,
ზღვის სუნი იდგებოდა.
და სიმშვიდე, სრული სიწყნარე და იდილია. შენ იქნებოდი და მე.


~~~

ყოველთვის ვერ იტყვი იმას, რაც გინდა.
ყოველთვის ვერ გააკეთებ იმას, რაც გსურს.
ყოველთვის ვერ იქნები იქ, სადაც გულით გინდა ყოფნა.
ყოველთვის ვერ იფიქრებ საკუთარ თავზე.
ყოველთვის ვერ იქნები ბედნიერი.
ყოველთვის ვერ იქნები დამოუკიდებელი.
ყოველთვის ვერ იქნები მარტო.
ყოველთვის ვერ იქნები ახალგაზრდა.
ყოველთვის ვერ იქნები ის, ვინც გინდა რომ იყო.
ყოველთვის ვერ იქნები ყველასთვის საყვარელი.
ყოველთვის ვერ იქნები გულწრფელი.
ყოველთვის ვერ დაინახავ შენსკენ მომართულ ყურადღებას.
ყოველთვის ვერ იქნები პრინციპული.
ყოველთვის ვერ იქნები ერთგული.
ყოველთვის ვერ შეასრულებ საკუთარ სიტყვას.
ყოველთვის ვერ გამოხატავ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იტყვი უარს ცდუნებაზე.
ყოველთვის ვერ დაიკიდებ ყველას და ყველაფერს.
ყოველთვის ვერ ეყვარები იმას, ვისაც ახლა უყვარხარ.
ყოველთვის ვერ იქნები კარგი მეგობარი.
ყოველთვის ვერ გაიღიმებ.
ყოველთვის ვერ გეტკინება.
ყოველთვის ვერ აჯობებ საკუთარ თავს.
ყოველთვის ვერ იქნები ძლიერი.
ყოველთვის ვერ გააკეთებ სწორ არჩევანს.
ყოველთვის ვერ იქნები კმაყოფილი საკუთარი თავით.
ყოველთვის ვერ გექნება რაღაცის გამოსწორების შანსი.
ყოველთვის ვერ მოასწრებ ყველაფერს.
ყოველთვის ვერ იფიქრებ.
ყოველთვის ვერ.................................................

ახლა სამსახურში ვარ და არაფერი მაქვს გასაკეთებელი. ჰოდა ამიტომ ჩავუჯექი ბლოგებს
და ჩემს სიაში ახალი ლინკებიც ჩავსვი.
ბევრი საინტერესო ბლოგია და თანდათან ყველას უნდა გავეცნო.
ძალიან მინდა, უფრო აქტიური ბლოგერი გავხდე და დიზაინიც გავაუმჯობესო.
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გამოვა :)


გუშინ გვიან დავიძინე და დღეს შუადღემდე მეძინა.
ვერ ვიტან ასე უაზროდ ძილს, თანაც ყველაფერი ჩახუთულია
და ამ დროს სრულიად ვითიშები ხოლმე. დილას გამეღვიძა, მაგრამ ძილი შევიბრუნე
და მერე უსიამოვნო სიზმარი ვნახე. ისიც იყო მასში. მე არაფერს მერჩოდნენ, იმას - კი.
ჰოდა, ცუდი განწყობით გავიღვიძე.

გუშინ თბილისის ჰაერს ვაკვირდებოდი. სრული კატასტროფა.
მტვრიანი, გამონაბოლქვით სავსე, შესქელებული. ჩვენ ამ ჰაერს ვსუნთქავთ და
ამის მიუხედავად, ჯერაც ცოცხლები ვართ.
ადამიანი მართლაც ყველანაირ საცხოვრებელ პირობას ეგუება.
სხვა გზა არც გვაქვს. როგორ გინდა შეაგნებინო ათასობით და ათი ათასობით ადამიანს,
რომ ამდენი მანქანა ერთ ქალაქში მეტისმეტია?
არ კლებულობს ავტომობილის ქონის მსურველთა რიცხვი და დღითი დღე
უფრო მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა :(
არავის მოსვლია თავში აზრად ველოსოპედის ბილიკების გაკეთება და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოიფიქრებენ.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან არასპორტული ერი ვართ.
მარტო იმაზე ვფიქრობთ, სად დავდოთ ტრაკი. ყველაფერი გვეზარება. ჰო, ეს ასეა.
თუნდაც საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას - იდეაში ყოველთვის მინდა, ვიარო აუზზე
და ვივარჯიშო, მაგრამ რეალურად ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას.
არადა, ვგრძნობ, როგორ მჭირდება ფიზიკური დატვირთვა და კუნთების გამკვრივება. მთავარია დაწყება და მერე წესით ინერციით უნდა წავიდეს ყველაფერი.
იქით კვირაში ხელფასს ავიღებ და იქნებ როგორმე თავი მოვაბა აუზზე სიარულს.


ძალიან მინდა, ყველაფერი კარგად იყოს.
ბოლო ხანებში სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც მაგვიანდება.
ადრე მსგავსი განცდა არ მქონია.
კიდევ შევამჩნიე, რომ ზოგჯერ ხელები მიკანკალებს.
როგორც ჩანს, არაცნობიერში რაღაცა ხდება.
პრინციპში, მშვენივრად ვიცი, რაც ხდება, ვის გამოც მიმდინარეობს ეს ყველაფერი.
ყოველთვის ვიცოდი, რატომ ვიყავი ისე, როგორც ვიყავი. თუ არ მომწონდა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, დისკომფორტს განვიცდიდი.
მერე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ და ტკივილის ხარჯზე ვისწავლე რაღაცეების მართვა ჩემს თავში. ტყუილია ის გამოთქმა, რომ ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი კი საკუთარზეო. მგონი ისიც მანდაა - ბრძენი საერთოდ არ უშვებს შეცდომებსო. ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრებები სისულელეა და მეტი არაფერი. იმიტომ, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით,
საკუთარი თავის გავლით ეზიარება და ეს უდაოა.
რაღაც ძალიან ფილოსოფიაში გადავვარდი და არ მინდა. აქ გავჩერდები.

არ ვიცი, ვისი ფოტოა, მაგრამ ძალიან მომწონს


ბლოგამდე ვეღარ მოვაღწიე. ეს დღეები ძალიან გაბრუებული ვარ სიცხისგან და საღამოობით ვითიშები ხოლმე. იმ დღეს 7-ზე მოვედი სამსახურიდან, ცოტა დავისვენე, ვჭამე და 9-ს წუთებზე წამოვწექი. ერთი საათით ვაპირებდი წაძინებას, მაგრამ საბოლოოდ დილის 10-ის ნახევრამდე მეძინა.

ბოლო ხანებში ბევრი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და ეს დღეები სამსახურიდან ვკითხულობდი ხოლმე. ერთ რაღაცას მივხვდი - მსიამოვნებს დეპრესიული, სევდიანი, მელანქოლიური და "გრუზი" ნაწერების კითხვა. ისინი უფრო მეტად ახდენს შთაბეჭდილებას, ვიდრე მხიარული პოსტები.

~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~


ნახევარი საათია, რაც სამსახურიდან მოვედი. როცა გამოვედი, წვიმა იწყებოდა. მერე ფეხით წავედი მარშრუტკის გაჩერებამდე საკმაოდ დიდ მანძილზე და ამ დროს დასცხო. ერთი საათი გზაში ვიყავით, საშინელი საცობები იყო ყველგან. სანაპიროზე მანქანები ტროტუარებზეც დადიოდა :))) აიპოდი რომ არ მქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. ვუსმენდი ჯეფ ბაკლის, თრევისს, მორისეის და თან მარშრუტკის ფანჯრიდან ვუყურებდი ნიაღვრებიან ქუჩებს, ადამიანებს... თან ვფიქრობდი.
ისე ვეჭიდები პოზიტივს, როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს. არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში! არაფერს და არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ განწყობა გამიფუჭოს, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. მეგი, ჭკვიანად თუ არ იქნები და ნერვებს თუ მომიშლი, ცუდ დღეში ჩაგაგდებ. ძილის წინ წკიპურტებსაც მივირტყამ. პეპის შველოდა ხოლმე ეს მეთოდი და იმედია, ჩემზეც იმოქმედებს.
მიხარია, რომ ვმუშაობ და მოდუნების საშუალება არ მაქვს. ვიცი, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უნდა ავდგე დილას და სამსახურში წავიდე. იქ მელოდება საქმე, რომელიც ჩემგან კონცენტრირებას ითხოვს და შესაბამისად, ფაქტიურად აღარ მრჩება დრო, სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო.

~~~~~~~~~


დილას მაღვიძარას უნდა დავეღვიძებინე, მაგრამ ძალიან გათიშულს მეძინა და 11-ის 15 წუთზე გამეღვიძა. მერე სამსახურში წავედი და 7-ზე სახლში მოვედი. რამდენიმესაათიანი მონოტონური სამუშაოს შემდეგ აშკარად მჭირდებოდა გასერინება, მაგრამ არავის ეცალა ჩემთვის :( ის დაბ. დღეზე წავიდა, თიკო წყნეთში ასულა და იქ რჩებოდა, ელენე სახლში იყო და რაღაც საქმეები ჰქონდა... სხვებისთვის არც დამირეკავს. ეკა ვაზისუბანში ცხოვრობს და ისედაც ვერ ვნახავდი. დანარჩენები მუშაობენ და საღამოობით ძირითადად არაფრის თავი აღარ აქვთ ხოლმე. ჰოდა, საბოლოოდ იძულებითი წესით სახლში დავრჩი. არადა, ისეთი სასიამოვნო საღამო იყო და ფეხებიც ისე გამირბოდა სახლიდან...

კიდევ რაზე ვფიქრობდი, იცით? ადამიანები გულთან ახლოს მიმყავს ხოლმე. თავისთავად, ბინებრივად, უნებლიედ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვლაპარაკობ. ჰოდა, ვინმე ერთხელ მაინც თუ მოვა ჩემს გულთან ახლოს, სამუდამოდ იქ რჩება ხოლმე. მერე ყველაფერს განვიცდი, რასაც ისინი აკეთებენ ჩემთან მიმართებაში. არ შემიძლია, ზოგი რამ უბრალოდ დავიკიდო, გავატარო ან ჩავყლაპო. ძალიან მოწყლვადი ვხდები ამ დროს. და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ამ დროს უმარტივესია ჩემთვის გულის ტკენა. არადა, სხვა დროს ძალიან ძნელად მწყინს ხოლმე რაღაც. შეიძლება მინდოდეს, გულიდან შორს გადავსვა რომელიმე ადამიანი, მაგრამ ეს ფუნქცია კონტროლს არ ექვემდებარება, ძალიან თავნებობს. თითქოს ფესვებს იდგამს ხოლმე შიგნით, სიღრმეში.

ის მენატრებოდა და ახლაც ძალიან მენატრება. მადარდებს და მაღელვებს ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. მინდა, რომ ყველაფერი ისე ჰქონდეს, როგორც თვითონ უნდა.
მინდა, ყველა მავნე ჩვევა დაძლიოს. მინდა, საკუთარი დადებითი თვისებები უფრო ხშირად გამოავლინოს და იმასაც მიხვდეს, რომ ცუდი თვისებები უბრალოდ სიჯიუტის და ბავშვური ახირების ბრალია და არა მისი არსიდან გამომდინარე.
მინდა, მიხვდეს და გააცნობიეროს, ვინ არის და რა შეუძლია. მე გვერდში გყავარ, იცოდე! სადაც ხარ, მშვიდობით ყოფილიყავი. მენატრები, შენზე ვფიქრობ. ძილი ნებისა, პატარ! :)))


საბოლოოდ დავუბრუნდი ბლოგს. ვგრძნობ, რომ წერა მჭირდება. მინდა, უფრო თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრები და ემოციები, მაგრამ ჩემი ვარაუდით ამ კონდიციამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება.


ხვალ სამსახურში მივდივარ, რაც უკვე თავისთავად პლიუსია, იმიტომ, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტის წინ არ მქონდა მუდმივი სამუშაო ადგილი. მინდა, მხოლოდ კარგს ველოდო, მაგრამ ვიცი, შიგადაშიგ ნეგატივიც გამოერევა. აქცენტი აუცილებლად პოზიტივზე გაკეთდება :)


ახლა კი ხვალამდე. ძილი ნებისა!


პ.ს. ტკბილად იძინე :)))))))))))))

~~~~~~


როცა გგონია, რომ ადამიანი ძალიან ახლოსაა, უცებ ისეთ დისტანცირებას ახდენს შენგან, რომ თითქოს სინათლის წელიწადი იყოს თქვენს შორის.
საბოლოო ჯამში მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ უკლებლივ ყველა მარტოსულები ვართ. რთული არსებები ვართ, რას ვიზამთ. ის, ვინც უფრო მარტივია, მისთვის კომფორტი და ბედნიერება უფრო ადვილად მისაღწევია. ამაზე ჩემს მეგობართანაც მისაუბრია, რომელიც ჭკვიანი ადამიანია. ისიც დამეთანხმა იმაში, რომ ვისაც ნაკლები მოთხოვნილებები აქვს, ის უფრო მარტივად ხდება ბედნიერი და იმათზე უკეთესად გრძნობს თავს, ვინც უფრო ინტელექტუალური და განვითარებულია. ადამიანი, ვინც ბევრს ფიქრობს, მუდმივად სტრესშია. ვერასოდეს ახერხებს განტვირთვას, უბრალოდ ზოგჯერ ითიშება.

Stop thinking, let's drinking!

გულთან ახლოს


იმის შემდეგ არაფერი მახსოვს,
რაც შენ დაბინავდი გულთან ახლოს.
კარგად ვიცი, მე ვარ შენი მელა,
ვისაც უყვარს თავის მახრჩობელა.
მოდი, შენ იყავი ჩემი მთვარე,
მე ვიქნები შენი თანამგზავრი.
ჩუმად გეტყვი, მოდი, დამემგზავრე,
მე ვიქნები გზა და შენ კი - მგზავრი.


დროთა განმავლობაში ვხუნდებით. ხუნდება მოგონებები, ბუნდოვნდება, თვალსა და ხელს შუა იცრიცება და ბოლოს ცნობიერების უფსკრულში უჩინარდება. შესაძლებელია, ისე მოვახერხოთ, რომ ფერების ინტენსივობა მუდმივად შენარჩუნდეს? თეორიულად შესაძლებელია, თუმცა უზარმაზარ რესურსებს საჭიროებს.
ამის წერა დავიწყე, მაგრამ გაგრძელებას ვეღარ ვაბამ თავს. აზროვნების ძაფი დამეკარგა...

~~~



გუშინ შენს კართან უჩინარი ლილია დავტოვე, რომელსაც გადაუარე.
მისი ფურცლები ფეხსაცმელზე აგყვა და ქუჩის მტვერს შეერია.
გუშინწინ ქარს კოცნა გამოვატანე, რომელმაც შენს დაკეტილ ფანჯარასთან იცადა, იცადა და ბოლოს მინაზე ჩამოეღვენთა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


~~~~~~~~~~~~~~

მოკითხვა სამალიოტის მაჩვისგან :)))

ჩემთან ყველაფერი კარგადაა. არის რუტინული ელემენტები - მაგ. სამსახური, მაგრამ საბოლოო ჯამში დღე არასოდეს გამოდის ერთფეროვანი. პოზიტივის ნიშნული ჯერაც მაღლაა და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰო, ამაში ერთ ადამიანს მიუძღვის წვლილი :)

თითქოს ისე აღარ მეწერინება, მაგრამ როცა მომივლის, მოვალ ხოლმე.
მინდა, ყველაფერი კარგად იყოს თქვენთან და ჩემთან :)
ასეც იქნება, ვიცი!

=)



ეს ფოტო ერთმა განსაკუთრებულმა ადამიანმა მაჩუქა.
ეს ადამიანი ერთ-ერთი უსაინტერესოესი ვინმეა მათ შორის, ვისაც ვიცნობ :)


ბედნიერი ვარ =)


ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა და შემდეგი თავი დაიწყო. დამთავრდა დეპრესია, აპათია, ნიჰილიზმი და ზოგადად, ნეგატივი.

ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო.
ახალი სამსახური, ახალი გარემო და რაც მთავარია, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა =)
ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და ახლა უკვე თითქმის მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, რამდენად შევინარჩუნებ და განვავითარებ.

საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცდა, გავძლიერდი, გავთავისუფლდი, გავლაღდი :)
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარც ჩემს ცხოვრებაში და აღარც ამ ბლოგზე დაისადგურებს ოდესმე რაიმე ნეგატიური და დეპრესიული.

მადლობა ყველაფრისთვის :) ვის? არ ვიცი. უბრალოდ, მადლობა და მორჩა :)
და კიდევ ერთი - დღეის იქით აღარ გავუჩინარდები სამალიოტის მაჩვივით =)



ტბა, პარკი, დილა, ველოსიპედი, ძაღლი, სრული იდილია და ჰარმონია ბუნებასთან...სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ამ ბედნიერ ადამიანს.




Just...



ვიცი, რომ არასოდეს ვიქნებით ერთად.
ჰოდა, შევეგუები თანდათან ამ აზრს, სხვა გზა არაა.
სულ საკუთარ თავზე ვფიქრობ, უკვე აღარ შემიძლია.
მინდა, შენზე ვიფიქრო, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება.
იმიტომ, რომ იმიტომ. ეს მხოლოდ მე ვიცი.
დაე, დარჩეს ჩემთან, ჩემს გულში
და იქვე მოკვდეს და დაიმარხოს.
თუმცა, სანამ მოკვდება, დიდხანს იქნება ლოგინს მიჯაჭვული.
ევთანაზიაც შეუძლებელია.
სიყვარულის აბორტი მგონი არანაკლებ მტკივნეულია.
თანაც თვითონ, საკუთარი ხელით უნდა გაიკეთო.
უნდა ამოიგლიჯო სულიდან, გულიდან, ტვინიდან, როგორც სარეველა.
ამ ყველაფერს დიდი ენერგია მიაქვს თან... და
ბოლოს რჩება სიცარიელე, აპათია, ნიჰილიზმი, აბსურდი.


ეჰ, ნეტა იმ დროს, ასეთ ჭკუაზე რომ ვიყავი...


* * *

გწერ წერილებს, რომლებიც
შენამდე არასდროს მოვა,
ახლა კვლავ დადგა ზამთარი,
ჩემს გულშიც ჩამოთოვა.
ველი ვიღაცას, იმედით,
რომ ის ოდესმე მოვა,
იგი გამითბობს ხელებს,
გულშიც შეწყდება თოვა.
ვცოცხლობ იმისი იმედით,
რომ არ დამტოვებ მარტო
და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით,
სულ ერთად, ჩემო კარგო.
ბოლოს მთავრდება ზღაპარი,
მთავრდება სიხარულით,
იმაზე კარგი რა არის,
რომ ვცხოვრობთ სიყვარულით.
ვერ დაგვაშორებს ვერავინ,
სიკვდილიც კი ვერ შესძლებს,
მოვკვდები შენი მიჯნური
და დაგიტოვებ ლექსებს.


19 აპრილი,1998 წელი


მე შენ დაგმარხავ სიყვარულის სასაფლაოზე,
უცრემლოდ დაგაყრი ერთადერთ პეშვ მიწას,
მოგიტან უჩინარ ყვავილებს
და უსიტყვო სევდით ვიფიქრებ შენზე.
ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ განწირული ჩვილის
შესახებ არაფრისმცოდნე გულგრილობით
მეტყვი ისევ გამარჯობას.
ეს შენი ბრალი არაა,
საერთოდ, ყველა უდანაშაულოა.
ეს არის მკვლელობა მკვლელის გარეშე.
გული დამწყდება იმის ცოდნით,
რომ სხვა გიყვარს,
მაგრამ არ შევიმჩნევ.
ნახვისას გაგიღიმებ
და შენ წარმოდგენაც კი არ გექნება იმის შესახებ,
რომ ჩემი შენს მიმართ სიყვარული შორეულ სასაფლაოზე იხრწნება.
იხრწნება ცოცხლად, უსიტყვო ტკივილებით,
უთქმელი დარდით.
ვიცი, რომ სხვა გიყვარს და ერთადერთ რამეს გთხოვ,
გემუდარები, ისე, როგორც არავინ შეგხვეწნია:
არ დაუშვა, ოდესმე თქვენი სიყვარულის ხე გახმეს.
ყოველწამიერად მორწყეთ,
შემჭკნარი ფოთლებისგან გაათავისუფლეთ,
ნაყოფს ნუ დაალპობთ,
ერთმანეთს ნუ მოიბეზრებთ.
ფრთხილად იყავით, გევედრებით!
მე თქვენ მიყვარხართ!



ბევრი ადამიანი მიყვარს და მერე რა, რომ ამას ხშირად არ/ვერ გამოვხატავ?
მერე რა, რომ ზოგმა არც იცის ამის შესახებ? მერე რა, რომ მეც ვიცი, თუ როგორ ვუყვარვარ ზოგიერთ მათგანს? მერე რა, რომ ზოგის სიყვარულის შესახებ არ ვიცი?
მერე რა, რომ ჩემთვის ზოგჯერ არ უთქვამთ, რომ ვუყვარდი?
ამ ყველაფერს ვგრძნობდი, ინტუიციურად, ემოციურ დონეზე ვიღებდი იმპულსებს... რა მნიშვნელობა აქვს, რა დევს ამ სიყვარულში: მეგობრობა, ვნება, სურვილი თუ სხვა რამ? რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ. ზოგი შორს არის, ზოგი ახლოს, ზოგი საერთოდ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს... მთავარი ისაა, რომ მიუხედავად დრო-სივრცითი პრობლემების, მიყვარს თითოეული მათგანი, მახსოვს და თუ ეს სიყვარული ერთხელ მაინც გაიდგამს ფესვებს ჩვენში, ის სამუდამოდ რჩება, იზრდება და მარადმწვანე ხესავით ხარობს სულ, მუდამჟამს, საუკუნოდ... იგი გვასულდგმულებს და გვაძლევს ძალას, რომ განვაგრძოთ არსებობა, გავიღიმოთ, გავძლიერდეთ, განვვითარდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთის გვესმოდეს და ისევ და ისევ, გვიყვარდეს!


ბოლო ხანებში ხშირად ვგრძნობ დადებით ენერგიას, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომლისკენაც მის მიმართვას შევძლებდი :(თავს მარტოდ ვგრძნობ. ბოლო ურთიერთობის მერე უფრო მეტად განმიმტკიცდა სიმარტოვის განცდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთმანეთს მაინც დავშორდებოდით, მაგრამ გავრისკე. არადა, როგორ მინდოდა, მყვარებოდა და ბოლომდე მივნდობოდი. არ მომცა ამის საშუალება, უბრალოდ ხელი მკრა, უკუმაგდო. ბევრი ტკივილი დამიგროვდა. დრო ვერ კურნავს, უბრალოდ გვიყუჩებს ტრავმებს. რა ვქნა, რომ არ შემიძლია დეტალების დახარისხება? არ შემიძლია, გადავარჩიო და ზოგი რამ გულთან ახლოს მივიტანო და ზოგი დავიკიდო. ყველაფერი მოქმედებს ჩემზე. არ მინდა, შევიცვალო. ასეთი ვარ და მირჩევნია, გული მეტკინოს, მაგრამ მართალი დავრჩე საკუთარ თავთან და სხვებთან. ვიცი, რომ ისევ შევიყვარებ და ყველაფერს ზუსტად ისევ ისე გავაკეთებ, როგორც ყოველთვის. ოდესმე მაინც გიპოვი და ერთად უსაზღვროდ ბედნიერები ვიქნებით!

ვეღარ შევდივარ ჩემს მეორე ბლოგზე - http://www.meguna.log.ge/ და გადავწყვიტე, აქ გადმომეტანა ყველა იქაური პოსტი. ამიერიდან აქ იქნება ჩემი საბუდარი :) მადლობა ყველას, ვინც შემოდიხართ და გაინტერესებთ, როგორ ვარ და რას ვფიქრობ :)

მელანქოლია და ნიჰილიზმი


რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის, როდესაც ვინმე მიყვარდება და ეიფორიაში ვარ, ძალიან მალე ფრთებს მაკვეცავენ?! ბიჭების უმრავლესობას აბოდებს ინტრიგან, წაკლა გოგონებზე, რომლებიც მუდმივად სტარტზე ამყოფებენ… არავის სჭირდება გულწრფელობა, პირდაპირობა, ბავშვურობა. ვიცი, რომ ვწუწუნებ. მეგობრები ზოგჯერ კაიფობენ ჩემზე, იმდენი შეყვარებული გყავდაო. ასე ძნელია იმის გაგება, რომ შეიძლება დამიანს უბრალოდ კატასტროფულად არ უმართლებდეს ურთიერთობებში??? ფიქრობთ, რომ პრობლემა ჩემშია? ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ვხვდებოდი, თვითონვე ჩადიოდნენ შეცდომებს, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ეგრევე ანადგურებდნენ. სისტემატიურად ასე ხდებოდა…დავიღალე… შიგნით, გულის სიღრმეში, ძალიან მტკივა… წესით დროსთან ერთად ყველანაირი გრძნობა/შეგრძნება ქრება ხოლმე, მაგრამ ამ იარებმა პირი ვეღარაფრით შეკრეს… ეს მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება? ძალიან ხშირად ვიკეტები ხოლმე საკუთარ თავში. ბოლო თვეებში ხშირად ხდება ასე. მანამდე თითქოს უფრო ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე ვიყავი, უფრო ადვილად ვახერხებდი რაღაც-რაღაცეების გადახარშვას და ტრანსფორმირებას. თითქოს დროსთან და სხვადასხვა ურთიერთობების გამოცდილებებთან ერთად ეს უნარი დამიჩლუნგდა. ნიჰილიზმის ნიშნებს ვატყობ საკუთარ თავს და არ მინდა, ეს სიმპტომები თანდათან სრულფასოვან სიცარიელედ ჩამოყალიბდეს!ყოველთვის ვამხნევებდი ყველას და ახლა საკუთარი თავი ვერ გამიმხნევებია ისე, როგორც საჭიროა. სტიმულია საჭირო, რომელიც არ არსებობს. ვიცი, რომ საკუთარ თავს ახლა მხოლოდ მეთვითონ თუ ვუშველი, რადგან ასეთ კონდიციაში სხვისი გამოწვდილი ხელი უშედეგო იქნება. ხომ შემიძლია, დავძლიო ეს მაჯლაჯუნა, რომელიც სულში მიზის? კი, მაგრამ ამისთვის მეტი მონდომებაა საჭირო. ახლა ჭეშმარიტი ეგოისტი ვარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობს და გარშემო ვერაფერს და ვერავის ამჩნევს. არ მინდა, ასე ვიყო. იმიტომ, რომ არსით ალტრუისტი ვარ. ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს.მაინც მოვახერხებ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას და მერე მას გავყვები, რათა საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნო და გავხდე ისევ ის, ვინც ვიყავი.


მთელი ცხოვრება ძიებაა. მუდმივად რაღაცას ვეძებთ. ვეძებთ პასუხებს, მიზეზებს, საწყისებს, საკუთარ თავს. როდესაც გვგონია, რომ რაღაცა ვიპოვეთ, მაშინვე ვხვდებით, რომ უფრო მეტი რამ არის მოსაძებნი. გვგონია, მყარად დავდგით ფეხი, მაგრამ მეორე წამს ვიძირებით გაურკვევლობის მორევში და ეს ყველაფერი ერთ უცნაურ თამაშს ემსგავსება, სადაც პატარა მიწის ნაგლეჯები, რომლებზეც ცალ ფეხს დგამ, მაშინვე იშლება და მუდმივად უნდა გადახტე ერთიდან მეორეზე, თორემ ჩავარდები სიცარიელეში და უსასრულო აბსურდში. ახლა რაღაცეებს ვბოდიალობ, მიყვარს ხოლმე ასეთი წაფანტაზიორება და საკუთარ თავთან თამაში. ახლა წვიმდა, სულ რაღაც 15 წუთის წინ. ბოლო დღეებში გამუდმებით წვიმს. მიყვარს წვიმა და წეღან, როცა ჯერ კიდევ ქვიმდა, ფანჯარა გამოვაღე და ვუყურებდი წვიმას, ვსუნთქავდი სუფთა ჰაერს. ქუჩა ცარიელი იყო, ხანდახან მანქანა ჩაივლიდა ტრასაზე. წვიმა ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს - იმ ემოციებს, რომელიც ადრე განმიცდია წვიმაში. რა დონის რომანტიკოსი უნდა იყო, რომ ამ ატმოსფერულ მოვლენაში, ამ ნალექში, სიხარულის და სიყვარულის მიზეზი ეძებო. ვგიჟდები ქვიშხეთის წვიმაზე - ამ დროს თბილად ვიფუთნები, თან აუცილებლად ღამეა და გარეთ ვსეირნობ სხვებთან ერთად. წვიმა ადამიანებს სიგიჟეებისაკენ უბიძგებს: შეიძლება წვიმის დროს უეცრად შენს გვერდით მყოფ ადამიანს აკოცო მისდამი სიყვარულის გრძნობა გაგიჩნდეს, მის გარდა არავინ გინდოდეს იმწუთას. მინდა, ვიყო შეყვარებული. მინდა, მასთან ერთად ვისეირნო წვიმაში. მინდა, დაუმორჩილებელი ენერგიით ვიყო სავსე და იგი მამოძრავებდეს. სიყვარული მინდა, მწყურია, ვითხოვ, მჭირდება. უკვე რამდენიმე თვეა უსიყვარულოდ დავაბიჯებ - დაახლოებით სექტემბრის მერე. თვეებში რომ გადავთვალო, დაახლოებით რვა თვე გამოდის - ძალიან ბევრია.


ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.
ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.
აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.
და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და ჩუმად: "მშვიდობით!" გითვლი…

22.02.2003.


მოვიდა წვიმა, სულყველგან წვიმდა,
მე ახლა მხოლოდ შენს გვერდით მინდა,
ოთახი, ბუხარი და ფანჯრის მინა,
რა ვიცი, იქნებ ბავშვურად გძინავს?
წვეთები წვიმის კვლავ მე მიღიმის,
სიახლე დილის, სიმღერა ჩიტის
მე შენთან ერთად ოცნებას მპირდება,
შენი გული კი თანდათან მიდის,
ჩუმი ნაღველი სულ უფრო მძიმდება.

22.02.2003.


ადამიანებს ღმერთი გვჭირდება. ყველა მოვლენა, რომელსაც ჩვენი მწირი ცოდნა და უბადრუკი ჭკუა-გონება ვერ წვდება, ღმერთს მიეწერება ხოლმე. "ეს ღვთის ნება იყო!", "ყველაფერი წინასწარაა დაწერილი ღვთის მიერ" და ა.შ.-ები ხშირად ამოდის ჩვენი ბაგეებიდან. სხვა რა არის ეს, თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიში? დიახ, ჩვენ უბრალოდ გვეშინია ყველაფრის, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ყველაფრის გადაბრალებას ღმერთსა და ყბადაღებულ ბედისწერაზე ვცდილობთ. ადამიანი კომფორტისა და სიზარმაცის მოყვარული არსებაა - ზედმეტი ფიქრი და აზროვნება მისთვის უკიდურესად საზარელი საქმიანობაა. არადა, ყველას იდეალური ცხოვრება, უზრუნველი ყოფა სურს და ეს ყველაფერი ციდან ჩამოვარდნილი, თითის განძრევის გარეშე. ყველანი ასეთები ვართ და დღეს თუ სხვაგვარად ვიქცევით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იძულებულნი ვართ ანუ სანამ ცხოვრება არ დაგვადგამს უღელს, გულარხეინად მივუყვებით დინებას. დრო გადის და ხელში მხოლოდ უაზროდ გატარებული წლები გვრჩება. არა, ნიჰილისტი და სკეპტიკოსი არა ვარ - უბრალოდ ვცდილობ, საკუთარ თავსა და სხვებში დანახული წარმოვაჩინო - თვალები ავუხილო საკუთარ თავსაც და თქვენც - იქნებ ჯერაც არაა გვიანი და ყველაფერს ეშველოს. გვესმის, შეგნებული გვაქვს, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ხელშია? რომ არ უნდა შევყურებდეთ ერთმანეთს ხელებში და ერთმანეთისგან არაფერს უნდა ველოდოთ? სიცოცხლის სურვილით, სიახლის შექმნის აღტკინებით უნდა ვიყოთ სავსე და მაშინ ვერაფერი გადაგვეღობება წინ - თვით საკუთარი თავიც. ჰო, კიდევ ერთი: ყველაზე მეტ პრობლემას ჩვენვე ვუქმნით საკუთარ თავს - ის ყველა პრობლემის სათავეა. რისი ბრალია? იმისი, რომ ცხოვრებას ვართულებთ - ყველაფერს ეჭვის თვალით ვწონით და არ გვინდა, უბრალოდ ისე მივიღოთ, როგორც არის, გამჩენი არ გვასვენებს, გაუთავებლად ვფაფხურობთ, გამუდმებით ვწვრილმანდებით. არადა მართლაც მარტივია ყველაფერი - მთავარი აზრი ამ სიმარტივისა კი ამ სიტყვებშია: შეხედე ყველაფერს პოზიტიურად, ეძებე დადებითი, კარგი, სასიამოვნო. უბრალოდ გაუღე გული და გონება სიკეთეს, სიყვარულს, სილამაზეს, მეგობრობას, თავისუფალ აზროვნებას, შემოქმედებას, სიკეთის რწმენას და უამრავ დადებით ემოციას. სიყვარული ხომ ასეთი ადვილია! გავიადვილოთ ცხოვრება, გვიყვარდეს ერთმანეთი! დაე, მუდამ ანათებდეს მზე ჩვენს გულებში!
ყველანი ძალიან მიყვარხართ!


6.06.07.

მე მიყვარს ბათუმი!

გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან. სულ ოთხიოდე დღე გავატარე იქ, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი შთაბეჭდილება გამომყვა. ქალაქში თითქმის არავინ იყო. მხოლოდ ბათუმელები და რამდენიმე ათეული ტურისტი. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, რაც წარმოუდგნელია თბილისში. გარშემო ყველაფერი მწვანეა. უამრავი ყვავილი, სუფთა ჰაერი, თავისუფლების შეგრძნება, უდარდელობა, თითქმის იდილიური ატმოსფერო. მე მიყვარს ბათუმი! უამრავი ფოტო გადავიღე, მაგრამ ეს ყველაზე კარგი გამოვიდა. როცა ვუყურებ, ისევ მიბრუნდება იმ დღეების ემოცია.

შენ


მიყვარს სიმყუდროვის შეგრძნება, რომელსაც შენთან შეხება მანიჭებს. მიყვარს სუნთქვის პატარა ნაკადი, რომელიც მხარზე მელამუნება, როდესაც გძინავს. მიყვარს მზის ქურდული სხივები, რომლებიც დილაობით შენს მშვიდას მძინარე სახეზე თამაშობენ. მიყვარს შენი ცქერა, როდესაც გგონია, რომ მძინავს. მიყვარს დილის კოცნა, რომელსაც ძილშიც ვგრძნობ. მიყვარს შენი თითების შეხება ჩემს ტუჩებზე, თვალებზე, თმაზე, სხეულზე ... მიყვარს ღამით შენთან ერთად ჩახუტებული წოლა, როდესაც გარეთ წვიმს. მიყვარს იმის ცოდნა, რომ ჩემს გვერდით გძინავს. ამ დროს თავს დაცულად და ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
ჯერ არა ხარ, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც შენ ხარ!
მიხარია შენი არსებობა სადღაც, შორს ან ახლოს...

დღის რეჟიმს და ცხოვრების წესს ვიცვლი!


ბოლო ხანებში ძირითადად სულ დეპრესიაში ვიყავი და ვფიქრობ, დროა, ყველაფერი შეიცვალოს. იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, სულაც არაა საჭირო გარედან მომავალი მიზეზები. თუნდაც იმის გააზრება, რომ ვცოცხლობ, ვსუნთქავ და უამრავი შესაძლებლობაა გადაშლილი ჩემს წინ, მაძლევს სტიმულს, რაღაცეები შევცვალო უკეთესობისაკენ. თუნდაც დღის რეჟიმი, რომელიც ახლა საშინლად მოუწესრიგებელი მაქვს და ღამის რეჟიმი უფრო გამოდის. ფაქტიურად დილა აღარ არსებობს ჩემთვის, რადგან თითქმის სულ შუადღეზე ვიღვიძებ... ღამე 4 საათზე ადრე არ ვწვები... კოშმარია, მარაზმია და საშინელებაა, რასაც საკუთარ ჯანმრთელობას ვუკეთებ. ხვალიდან ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს, თორემ არაფერი გამოვა. ყველა გეგმა წყალში ჩამეყრება. იქითა კვირიდან მუშაობას ვიწყებ და ესეც კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ცხოვრების წესი შევიცვალო. საკმარისია, თუნდაც წვრილმანი შეცვალო, რომ მერე ყველაფერი გარდაიქმნას!


დღეს ყველაფერი სევდისფერია,
გუშინ სიცოცხლე იყო მზისფერი,
შარშანწინ იგი სულ თეთრი იყო,
ახლა ყველაფერს ადევს ზღვისფერი.

შორს მთებს გავხედავ - ნისლისფერია,
ქალაქს დავხდავ, ის მტვრისფერია,
სოფლის ცხოვრება ისლისფერია
და ყველა ფერი არა ფერია.

მაინც ყველა ფერს ის ფერი ადევს,
რომელიც ჩემთვის არის შენფერი
და ეს ფერები სინთეზში ბადებს
იმ ფერს, რომელიც ჩემს სულს შეჰფერის.

25.03.03.



შენ წინ მიდიხარ, მე უკან მოგდევ.
"- აღარ გიყვარვარ? აღარ მჯეროდეს?"
"- აღარ მიყვარხარ! აღარ გჯეროდეს,
რომ ჩვენ ოდესმე ერთად ვიქნებით."
ეს გავიგე და გრძნობა დავკარგე,
სულ ამერია თავში ფიქრები.
შენ შორს წახვედი, არც იხედები,
უკვე აღარ ჩანს შენი აჩრდილი,
მე დაბნეული გზაში ვჩერდები
და კვლავ ვქვითინებ გულგატეხილი.
დავრჩი მარტო და დავრჩი ეული,
დარდმა და სევდამ ხელი დამრია,
მეწვევა ლანდი მე ღამეული,
შენზე ფიქრებმა სულ გადამრია.
ღამით ბუ კივის, სადღაც შორს, ტყეში,
თავის დარდს ტირის - ისიც დატოვეს!
მე ვწევარ, როგორც ცოცხალი ლეში,
ვგრძნობ სიცივეს და ვგრძნობ სიმარტოვეს.
ფიქრებმა თავზე გადამიქროლეს,
თითქოს გაფრინდა ახალგაზრდობა,
მთავარია, რომ ღმერთის მჯეროდეს
და შევძლო შენთვის ცოდვის შენდობა.
შენს კვალს მივყვები, ბილიკი მიდის,
გზაც დამებნა და ღამეც ჩამოწვა.
შენი გზა-კვალი ნეტავ სად მიდის?
სადღაც მახლობლად ზვავი ჩამოწვა.
ფიქრებში რჩები და გულში ცოცხლობ,
მონატრებაში მხოლოდ შენ გხედავ
და ალბათ კვლავ იმ იმედით ვცოცხლობ,
რომ შენ ოდესმე მომღიმარს გნახავ.
წახვედი, წაგყვა ჩემი ოცნება,
რომელსაც ქარსაც არ ვაკარებდი,
ალბათ ყოველი იყო ღვთის ნება,
შენ შორს წახვედი და არ გაჩერდი.
სულ მარტო დავრჩი შენზე ფიქრებთან
და სიო არხევს ტირიფის ტოტებს,
გახსოვს, დამტოვე მაშინ სიზმრებთან,
ვიღაცის სული დღეს სხეულს ტოვებს...

4.09.99.

შთაბეჭდილებები


ყველაფერი, რაც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს, შთაბეჭდილებებია. ყველა მოვლენა სუბიექტურად აღიქმება ჩვენს მიერ და ამას ვერ გავექცევით. ალბათ ყველაფერი აღქმის სიმძაფრეზეა დამოკიდებული. ეს გარკვეულწილად ფოკუსის გასწორებას ჰგავს - რაც უფრო მძაფრია აღქმა, მით უფრო მკვეთრ კონტურებს იღებს გამოსახულება. შემდეგ უკვე "ზუმი"-ს მოდუსი ირთვება - ზოგი რამ ძალიან ახლოს მოდის ჩვენამდე, ზოგი კი მხოლოდ ჰორიზონტის მასშტაბზე მოსჩანს. კარგი იქნებოდა, ხანდახან ამ ფუნქციების შეცვლა შემძლებოდა, მაგრამ ეს პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს და ვერავითარ კონტროლს ექვემდებარება. ხანდახან ისე მძაფრად ვგრძნობ, რომ საკუთარი თავი არ მემორჩილება და სრულიად უმართავი, თავნება, ჯიუტი ბავშვივით იქცევა.


შთაბეჭდილებები, ემოცია, მელანქოლია, ეიფორია, აღმაფრენა, იმედგაცრუება, სიხარული, ტკივილი, ქმნადობა, თვითშემეცნება, გაცნობიერება, აღქმა, ნებელობა, ოცნება, ტრანსფორმაცია...

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი