ვეღარ შევდივარ ჩემს მეორე ბლოგზე - http://www.meguna.log.ge/ და გადავწყვიტე, აქ გადმომეტანა ყველა იქაური პოსტი. ამიერიდან აქ იქნება ჩემი საბუდარი :) მადლობა ყველას, ვინც შემოდიხართ და გაინტერესებთ, როგორ ვარ და რას ვფიქრობ :)

მელანქოლია და ნიჰილიზმი


რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის, როდესაც ვინმე მიყვარდება და ეიფორიაში ვარ, ძალიან მალე ფრთებს მაკვეცავენ?! ბიჭების უმრავლესობას აბოდებს ინტრიგან, წაკლა გოგონებზე, რომლებიც მუდმივად სტარტზე ამყოფებენ… არავის სჭირდება გულწრფელობა, პირდაპირობა, ბავშვურობა. ვიცი, რომ ვწუწუნებ. მეგობრები ზოგჯერ კაიფობენ ჩემზე, იმდენი შეყვარებული გყავდაო. ასე ძნელია იმის გაგება, რომ შეიძლება დამიანს უბრალოდ კატასტროფულად არ უმართლებდეს ურთიერთობებში??? ფიქრობთ, რომ პრობლემა ჩემშია? ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ვხვდებოდი, თვითონვე ჩადიოდნენ შეცდომებს, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ეგრევე ანადგურებდნენ. სისტემატიურად ასე ხდებოდა…დავიღალე… შიგნით, გულის სიღრმეში, ძალიან მტკივა… წესით დროსთან ერთად ყველანაირი გრძნობა/შეგრძნება ქრება ხოლმე, მაგრამ ამ იარებმა პირი ვეღარაფრით შეკრეს… ეს მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება? ძალიან ხშირად ვიკეტები ხოლმე საკუთარ თავში. ბოლო თვეებში ხშირად ხდება ასე. მანამდე თითქოს უფრო ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე ვიყავი, უფრო ადვილად ვახერხებდი რაღაც-რაღაცეების გადახარშვას და ტრანსფორმირებას. თითქოს დროსთან და სხვადასხვა ურთიერთობების გამოცდილებებთან ერთად ეს უნარი დამიჩლუნგდა. ნიჰილიზმის ნიშნებს ვატყობ საკუთარ თავს და არ მინდა, ეს სიმპტომები თანდათან სრულფასოვან სიცარიელედ ჩამოყალიბდეს!ყოველთვის ვამხნევებდი ყველას და ახლა საკუთარი თავი ვერ გამიმხნევებია ისე, როგორც საჭიროა. სტიმულია საჭირო, რომელიც არ არსებობს. ვიცი, რომ საკუთარ თავს ახლა მხოლოდ მეთვითონ თუ ვუშველი, რადგან ასეთ კონდიციაში სხვისი გამოწვდილი ხელი უშედეგო იქნება. ხომ შემიძლია, დავძლიო ეს მაჯლაჯუნა, რომელიც სულში მიზის? კი, მაგრამ ამისთვის მეტი მონდომებაა საჭირო. ახლა ჭეშმარიტი ეგოისტი ვარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე დარდობს და გარშემო ვერაფერს და ვერავის ამჩნევს. არ მინდა, ასე ვიყო. იმიტომ, რომ არსით ალტრუისტი ვარ. ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს.მაინც მოვახერხებ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას და მერე მას გავყვები, რათა საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნო და გავხდე ისევ ის, ვინც ვიყავი.


მთელი ცხოვრება ძიებაა. მუდმივად რაღაცას ვეძებთ. ვეძებთ პასუხებს, მიზეზებს, საწყისებს, საკუთარ თავს. როდესაც გვგონია, რომ რაღაცა ვიპოვეთ, მაშინვე ვხვდებით, რომ უფრო მეტი რამ არის მოსაძებნი. გვგონია, მყარად დავდგით ფეხი, მაგრამ მეორე წამს ვიძირებით გაურკვევლობის მორევში და ეს ყველაფერი ერთ უცნაურ თამაშს ემსგავსება, სადაც პატარა მიწის ნაგლეჯები, რომლებზეც ცალ ფეხს დგამ, მაშინვე იშლება და მუდმივად უნდა გადახტე ერთიდან მეორეზე, თორემ ჩავარდები სიცარიელეში და უსასრულო აბსურდში. ახლა რაღაცეებს ვბოდიალობ, მიყვარს ხოლმე ასეთი წაფანტაზიორება და საკუთარ თავთან თამაში. ახლა წვიმდა, სულ რაღაც 15 წუთის წინ. ბოლო დღეებში გამუდმებით წვიმს. მიყვარს წვიმა და წეღან, როცა ჯერ კიდევ ქვიმდა, ფანჯარა გამოვაღე და ვუყურებდი წვიმას, ვსუნთქავდი სუფთა ჰაერს. ქუჩა ცარიელი იყო, ხანდახან მანქანა ჩაივლიდა ტრასაზე. წვიმა ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს - იმ ემოციებს, რომელიც ადრე განმიცდია წვიმაში. რა დონის რომანტიკოსი უნდა იყო, რომ ამ ატმოსფერულ მოვლენაში, ამ ნალექში, სიხარულის და სიყვარულის მიზეზი ეძებო. ვგიჟდები ქვიშხეთის წვიმაზე - ამ დროს თბილად ვიფუთნები, თან აუცილებლად ღამეა და გარეთ ვსეირნობ სხვებთან ერთად. წვიმა ადამიანებს სიგიჟეებისაკენ უბიძგებს: შეიძლება წვიმის დროს უეცრად შენს გვერდით მყოფ ადამიანს აკოცო მისდამი სიყვარულის გრძნობა გაგიჩნდეს, მის გარდა არავინ გინდოდეს იმწუთას. მინდა, ვიყო შეყვარებული. მინდა, მასთან ერთად ვისეირნო წვიმაში. მინდა, დაუმორჩილებელი ენერგიით ვიყო სავსე და იგი მამოძრავებდეს. სიყვარული მინდა, მწყურია, ვითხოვ, მჭირდება. უკვე რამდენიმე თვეა უსიყვარულოდ დავაბიჯებ - დაახლოებით სექტემბრის მერე. თვეებში რომ გადავთვალო, დაახლოებით რვა თვე გამოდის - ძალიან ბევრია.


ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.
ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.
აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.
და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და ჩუმად: "მშვიდობით!" გითვლი…

22.02.2003.


მოვიდა წვიმა, სულყველგან წვიმდა,
მე ახლა მხოლოდ შენს გვერდით მინდა,
ოთახი, ბუხარი და ფანჯრის მინა,
რა ვიცი, იქნებ ბავშვურად გძინავს?
წვეთები წვიმის კვლავ მე მიღიმის,
სიახლე დილის, სიმღერა ჩიტის
მე შენთან ერთად ოცნებას მპირდება,
შენი გული კი თანდათან მიდის,
ჩუმი ნაღველი სულ უფრო მძიმდება.

22.02.2003.


ადამიანებს ღმერთი გვჭირდება. ყველა მოვლენა, რომელსაც ჩვენი მწირი ცოდნა და უბადრუკი ჭკუა-გონება ვერ წვდება, ღმერთს მიეწერება ხოლმე. "ეს ღვთის ნება იყო!", "ყველაფერი წინასწარაა დაწერილი ღვთის მიერ" და ა.შ.-ები ხშირად ამოდის ჩვენი ბაგეებიდან. სხვა რა არის ეს, თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიში? დიახ, ჩვენ უბრალოდ გვეშინია ყველაფრის, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ყველაფრის გადაბრალებას ღმერთსა და ყბადაღებულ ბედისწერაზე ვცდილობთ. ადამიანი კომფორტისა და სიზარმაცის მოყვარული არსებაა - ზედმეტი ფიქრი და აზროვნება მისთვის უკიდურესად საზარელი საქმიანობაა. არადა, ყველას იდეალური ცხოვრება, უზრუნველი ყოფა სურს და ეს ყველაფერი ციდან ჩამოვარდნილი, თითის განძრევის გარეშე. ყველანი ასეთები ვართ და დღეს თუ სხვაგვარად ვიქცევით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იძულებულნი ვართ ანუ სანამ ცხოვრება არ დაგვადგამს უღელს, გულარხეინად მივუყვებით დინებას. დრო გადის და ხელში მხოლოდ უაზროდ გატარებული წლები გვრჩება. არა, ნიჰილისტი და სკეპტიკოსი არა ვარ - უბრალოდ ვცდილობ, საკუთარ თავსა და სხვებში დანახული წარმოვაჩინო - თვალები ავუხილო საკუთარ თავსაც და თქვენც - იქნებ ჯერაც არაა გვიანი და ყველაფერს ეშველოს. გვესმის, შეგნებული გვაქვს, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ხელშია? რომ არ უნდა შევყურებდეთ ერთმანეთს ხელებში და ერთმანეთისგან არაფერს უნდა ველოდოთ? სიცოცხლის სურვილით, სიახლის შექმნის აღტკინებით უნდა ვიყოთ სავსე და მაშინ ვერაფერი გადაგვეღობება წინ - თვით საკუთარი თავიც. ჰო, კიდევ ერთი: ყველაზე მეტ პრობლემას ჩვენვე ვუქმნით საკუთარ თავს - ის ყველა პრობლემის სათავეა. რისი ბრალია? იმისი, რომ ცხოვრებას ვართულებთ - ყველაფერს ეჭვის თვალით ვწონით და არ გვინდა, უბრალოდ ისე მივიღოთ, როგორც არის, გამჩენი არ გვასვენებს, გაუთავებლად ვფაფხურობთ, გამუდმებით ვწვრილმანდებით. არადა მართლაც მარტივია ყველაფერი - მთავარი აზრი ამ სიმარტივისა კი ამ სიტყვებშია: შეხედე ყველაფერს პოზიტიურად, ეძებე დადებითი, კარგი, სასიამოვნო. უბრალოდ გაუღე გული და გონება სიკეთეს, სიყვარულს, სილამაზეს, მეგობრობას, თავისუფალ აზროვნებას, შემოქმედებას, სიკეთის რწმენას და უამრავ დადებით ემოციას. სიყვარული ხომ ასეთი ადვილია! გავიადვილოთ ცხოვრება, გვიყვარდეს ერთმანეთი! დაე, მუდამ ანათებდეს მზე ჩვენს გულებში!
ყველანი ძალიან მიყვარხართ!


6.06.07.

მე მიყვარს ბათუმი!

გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან. სულ ოთხიოდე დღე გავატარე იქ, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი შთაბეჭდილება გამომყვა. ქალაქში თითქმის არავინ იყო. მხოლოდ ბათუმელები და რამდენიმე ათეული ტურისტი. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, რაც წარმოუდგნელია თბილისში. გარშემო ყველაფერი მწვანეა. უამრავი ყვავილი, სუფთა ჰაერი, თავისუფლების შეგრძნება, უდარდელობა, თითქმის იდილიური ატმოსფერო. მე მიყვარს ბათუმი! უამრავი ფოტო გადავიღე, მაგრამ ეს ყველაზე კარგი გამოვიდა. როცა ვუყურებ, ისევ მიბრუნდება იმ დღეების ემოცია.

შენ


მიყვარს სიმყუდროვის შეგრძნება, რომელსაც შენთან შეხება მანიჭებს. მიყვარს სუნთქვის პატარა ნაკადი, რომელიც მხარზე მელამუნება, როდესაც გძინავს. მიყვარს მზის ქურდული სხივები, რომლებიც დილაობით შენს მშვიდას მძინარე სახეზე თამაშობენ. მიყვარს შენი ცქერა, როდესაც გგონია, რომ მძინავს. მიყვარს დილის კოცნა, რომელსაც ძილშიც ვგრძნობ. მიყვარს შენი თითების შეხება ჩემს ტუჩებზე, თვალებზე, თმაზე, სხეულზე ... მიყვარს ღამით შენთან ერთად ჩახუტებული წოლა, როდესაც გარეთ წვიმს. მიყვარს იმის ცოდნა, რომ ჩემს გვერდით გძინავს. ამ დროს თავს დაცულად და ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
ჯერ არა ხარ, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც შენ ხარ!
მიხარია შენი არსებობა სადღაც, შორს ან ახლოს...

დღის რეჟიმს და ცხოვრების წესს ვიცვლი!


ბოლო ხანებში ძირითადად სულ დეპრესიაში ვიყავი და ვფიქრობ, დროა, ყველაფერი შეიცვალოს. იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, სულაც არაა საჭირო გარედან მომავალი მიზეზები. თუნდაც იმის გააზრება, რომ ვცოცხლობ, ვსუნთქავ და უამრავი შესაძლებლობაა გადაშლილი ჩემს წინ, მაძლევს სტიმულს, რაღაცეები შევცვალო უკეთესობისაკენ. თუნდაც დღის რეჟიმი, რომელიც ახლა საშინლად მოუწესრიგებელი მაქვს და ღამის რეჟიმი უფრო გამოდის. ფაქტიურად დილა აღარ არსებობს ჩემთვის, რადგან თითქმის სულ შუადღეზე ვიღვიძებ... ღამე 4 საათზე ადრე არ ვწვები... კოშმარია, მარაზმია და საშინელებაა, რასაც საკუთარ ჯანმრთელობას ვუკეთებ. ხვალიდან ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს, თორემ არაფერი გამოვა. ყველა გეგმა წყალში ჩამეყრება. იქითა კვირიდან მუშაობას ვიწყებ და ესეც კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ცხოვრების წესი შევიცვალო. საკმარისია, თუნდაც წვრილმანი შეცვალო, რომ მერე ყველაფერი გარდაიქმნას!


დღეს ყველაფერი სევდისფერია,
გუშინ სიცოცხლე იყო მზისფერი,
შარშანწინ იგი სულ თეთრი იყო,
ახლა ყველაფერს ადევს ზღვისფერი.

შორს მთებს გავხედავ - ნისლისფერია,
ქალაქს დავხდავ, ის მტვრისფერია,
სოფლის ცხოვრება ისლისფერია
და ყველა ფერი არა ფერია.

მაინც ყველა ფერს ის ფერი ადევს,
რომელიც ჩემთვის არის შენფერი
და ეს ფერები სინთეზში ბადებს
იმ ფერს, რომელიც ჩემს სულს შეჰფერის.

25.03.03.



შენ წინ მიდიხარ, მე უკან მოგდევ.
"- აღარ გიყვარვარ? აღარ მჯეროდეს?"
"- აღარ მიყვარხარ! აღარ გჯეროდეს,
რომ ჩვენ ოდესმე ერთად ვიქნებით."
ეს გავიგე და გრძნობა დავკარგე,
სულ ამერია თავში ფიქრები.
შენ შორს წახვედი, არც იხედები,
უკვე აღარ ჩანს შენი აჩრდილი,
მე დაბნეული გზაში ვჩერდები
და კვლავ ვქვითინებ გულგატეხილი.
დავრჩი მარტო და დავრჩი ეული,
დარდმა და სევდამ ხელი დამრია,
მეწვევა ლანდი მე ღამეული,
შენზე ფიქრებმა სულ გადამრია.
ღამით ბუ კივის, სადღაც შორს, ტყეში,
თავის დარდს ტირის - ისიც დატოვეს!
მე ვწევარ, როგორც ცოცხალი ლეში,
ვგრძნობ სიცივეს და ვგრძნობ სიმარტოვეს.
ფიქრებმა თავზე გადამიქროლეს,
თითქოს გაფრინდა ახალგაზრდობა,
მთავარია, რომ ღმერთის მჯეროდეს
და შევძლო შენთვის ცოდვის შენდობა.
შენს კვალს მივყვები, ბილიკი მიდის,
გზაც დამებნა და ღამეც ჩამოწვა.
შენი გზა-კვალი ნეტავ სად მიდის?
სადღაც მახლობლად ზვავი ჩამოწვა.
ფიქრებში რჩები და გულში ცოცხლობ,
მონატრებაში მხოლოდ შენ გხედავ
და ალბათ კვლავ იმ იმედით ვცოცხლობ,
რომ შენ ოდესმე მომღიმარს გნახავ.
წახვედი, წაგყვა ჩემი ოცნება,
რომელსაც ქარსაც არ ვაკარებდი,
ალბათ ყოველი იყო ღვთის ნება,
შენ შორს წახვედი და არ გაჩერდი.
სულ მარტო დავრჩი შენზე ფიქრებთან
და სიო არხევს ტირიფის ტოტებს,
გახსოვს, დამტოვე მაშინ სიზმრებთან,
ვიღაცის სული დღეს სხეულს ტოვებს...

4.09.99.

შთაბეჭდილებები


ყველაფერი, რაც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს, შთაბეჭდილებებია. ყველა მოვლენა სუბიექტურად აღიქმება ჩვენს მიერ და ამას ვერ გავექცევით. ალბათ ყველაფერი აღქმის სიმძაფრეზეა დამოკიდებული. ეს გარკვეულწილად ფოკუსის გასწორებას ჰგავს - რაც უფრო მძაფრია აღქმა, მით უფრო მკვეთრ კონტურებს იღებს გამოსახულება. შემდეგ უკვე "ზუმი"-ს მოდუსი ირთვება - ზოგი რამ ძალიან ახლოს მოდის ჩვენამდე, ზოგი კი მხოლოდ ჰორიზონტის მასშტაბზე მოსჩანს. კარგი იქნებოდა, ხანდახან ამ ფუნქციების შეცვლა შემძლებოდა, მაგრამ ეს პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს და ვერავითარ კონტროლს ექვემდებარება. ხანდახან ისე მძაფრად ვგრძნობ, რომ საკუთარი თავი არ მემორჩილება და სრულიად უმართავი, თავნება, ჯიუტი ბავშვივით იქცევა.


შთაბეჭდილებები, ემოცია, მელანქოლია, ეიფორია, აღმაფრენა, იმედგაცრუება, სიხარული, ტკივილი, ქმნადობა, თვითშემეცნება, გაცნობიერება, აღქმა, ნებელობა, ოცნება, ტრანსფორმაცია...

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი