Posts mit dem Label სიყვარული werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სიყვარული werden angezeigt. Alle Posts anzeigen

ჩვენ


სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ.
იმხელა სითბო მოდის შენგან, შემიძლია უბრალოდ ჩაგეხუტო და მთელი ცხოვრება ასე ვიყო.
როცა გულში მიკრავ, დრო ჩერდება და სამყაროს ცენტრი შენში ინაცვლებს.
ყველაფერზე და ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ხელი ჩამკიდე და აღარასოდეს გამიშვა... ყველგან წამოგყვები, თვალდახუჭული ვივლი შენთან ერთად.
არასოდეს არაფრის შემეშინდება, შენ თუ გვერდით მეყოლები. უსიტყვოდ გაგიგებ ყველაფერს.
შენს თვალებში ამოვიკითხავ, რა გაწუხებს, რა გიხარია და რას განიცდი. როცა ცუდად იქნები, დაგამშვიდებ. ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ, ერთმანეთი თუ გვეყოლება!
ასე მგონია, ნავსაყუდელი ვიპოვე. დღითიდღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდები ჩემთვის.
ერთად გატარებული ყოველი წამი მორიგი აღმოჩენაა. რაც უფრო მეტად შემოვდივარ შენს სამყაროში, მით უფრო მეტად გესისხლხორცები.
მადლობელი ვარ თითოეული დღისათვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია და იმ დღეებისთვის, რომლებიც ჯერაც წინაა. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, რადგანაც ყველაფერი საოცრად მსხვრევადი და წარმავალია... მაგრამ ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ის სითბო, რომლითაც ერთმანეთს ვავსებთ, არასოდეს გაქრება. უბრალოდ ვიჭერ წამებს და მათში შენთან ერთად მარადისობას ვპოულობ :)
მაინც ვერ შევძელი იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ეს შეუძლებელია.
შენი თითოეული უჯრედით და მთელი არსებით მიყვარხარ...


ვიცი, რომ არასოდეს ვიქნებით ერთად.
ჰოდა, შევეგუები თანდათან ამ აზრს, სხვა გზა არაა.
სულ საკუთარ თავზე ვფიქრობ, უკვე აღარ შემიძლია.
მინდა, შენზე ვიფიქრო, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება.
იმიტომ, რომ იმიტომ. ეს მხოლოდ მე ვიცი.
დაე, დარჩეს ჩემთან, ჩემს გულში
და იქვე მოკვდეს და დაიმარხოს.
თუმცა, სანამ მოკვდება, დიდხანს იქნება ლოგინს მიჯაჭვული.
ევთანაზიაც შეუძლებელია.
სიყვარულის აბორტი მგონი არანაკლებ მტკივნეულია.
თანაც თვითონ, საკუთარი ხელით უნდა გაიკეთო.
უნდა ამოიგლიჯო სულიდან, გულიდან, ტვინიდან, როგორც სარეველა.
ამ ყველაფერს დიდი ენერგია მიაქვს თან... და
ბოლოს რჩება სიცარიელე, აპათია, ნიჰილიზმი, აბსურდი.


მე შენ დაგმარხავ სიყვარულის სასაფლაოზე,
უცრემლოდ დაგაყრი ერთადერთ პეშვ მიწას,
მოგიტან უჩინარ ყვავილებს
და უსიტყვო სევდით ვიფიქრებ შენზე.
ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ განწირული ჩვილის
შესახებ არაფრისმცოდნე გულგრილობით
მეტყვი ისევ გამარჯობას.
ეს შენი ბრალი არაა,
საერთოდ, ყველა უდანაშაულოა.
ეს არის მკვლელობა მკვლელის გარეშე.
გული დამწყდება იმის ცოდნით,
რომ სხვა გიყვარს,
მაგრამ არ შევიმჩნევ.
ნახვისას გაგიღიმებ
და შენ წარმოდგენაც კი არ გექნება იმის შესახებ,
რომ ჩემი შენს მიმართ სიყვარული შორეულ სასაფლაოზე იხრწნება.
იხრწნება ცოცხლად, უსიტყვო ტკივილებით,
უთქმელი დარდით.
ვიცი, რომ სხვა გიყვარს და ერთადერთ რამეს გთხოვ,
გემუდარები, ისე, როგორც არავინ შეგხვეწნია:
არ დაუშვა, ოდესმე თქვენი სიყვარულის ხე გახმეს.
ყოველწამიერად მორწყეთ,
შემჭკნარი ფოთლებისგან გაათავისუფლეთ,
ნაყოფს ნუ დაალპობთ,
ერთმანეთს ნუ მოიბეზრებთ.
ფრთხილად იყავით, გევედრებით!
მე თქვენ მიყვარხართ!



ბევრი ადამიანი მიყვარს და მერე რა, რომ ამას ხშირად არ/ვერ გამოვხატავ?
მერე რა, რომ ზოგმა არც იცის ამის შესახებ? მერე რა, რომ მეც ვიცი, თუ როგორ ვუყვარვარ ზოგიერთ მათგანს? მერე რა, რომ ზოგის სიყვარულის შესახებ არ ვიცი?
მერე რა, რომ ჩემთვის ზოგჯერ არ უთქვამთ, რომ ვუყვარდი?
ამ ყველაფერს ვგრძნობდი, ინტუიციურად, ემოციურ დონეზე ვიღებდი იმპულსებს... რა მნიშვნელობა აქვს, რა დევს ამ სიყვარულში: მეგობრობა, ვნება, სურვილი თუ სხვა რამ? რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ. ზოგი შორს არის, ზოგი ახლოს, ზოგი საერთოდ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს... მთავარი ისაა, რომ მიუხედავად დრო-სივრცითი პრობლემების, მიყვარს თითოეული მათგანი, მახსოვს და თუ ეს სიყვარული ერთხელ მაინც გაიდგამს ფესვებს ჩვენში, ის სამუდამოდ რჩება, იზრდება და მარადმწვანე ხესავით ხარობს სულ, მუდამჟამს, საუკუნოდ... იგი გვასულდგმულებს და გვაძლევს ძალას, რომ განვაგრძოთ არსებობა, გავიღიმოთ, გავძლიერდეთ, განვვითარდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთის გვესმოდეს და ისევ და ისევ, გვიყვარდეს!

შენ


მიყვარს სიმყუდროვის შეგრძნება, რომელსაც შენთან შეხება მანიჭებს. მიყვარს სუნთქვის პატარა ნაკადი, რომელიც მხარზე მელამუნება, როდესაც გძინავს. მიყვარს მზის ქურდული სხივები, რომლებიც დილაობით შენს მშვიდას მძინარე სახეზე თამაშობენ. მიყვარს შენი ცქერა, როდესაც გგონია, რომ მძინავს. მიყვარს დილის კოცნა, რომელსაც ძილშიც ვგრძნობ. მიყვარს შენი თითების შეხება ჩემს ტუჩებზე, თვალებზე, თმაზე, სხეულზე ... მიყვარს ღამით შენთან ერთად ჩახუტებული წოლა, როდესაც გარეთ წვიმს. მიყვარს იმის ცოდნა, რომ ჩემს გვერდით გძინავს. ამ დროს თავს დაცულად და ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
ჯერ არა ხარ, მაგრამ მიყვარს ყველაფერი, რაც შენ ხარ!
მიხარია შენი არსებობა სადღაც, შორს ან ახლოს...

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი