ჩვენ


სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ.
იმხელა სითბო მოდის შენგან, შემიძლია უბრალოდ ჩაგეხუტო და მთელი ცხოვრება ასე ვიყო.
როცა გულში მიკრავ, დრო ჩერდება და სამყაროს ცენტრი შენში ინაცვლებს.
ყველაფერზე და ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ხელი ჩამკიდე და აღარასოდეს გამიშვა... ყველგან წამოგყვები, თვალდახუჭული ვივლი შენთან ერთად.
არასოდეს არაფრის შემეშინდება, შენ თუ გვერდით მეყოლები. უსიტყვოდ გაგიგებ ყველაფერს.
შენს თვალებში ამოვიკითხავ, რა გაწუხებს, რა გიხარია და რას განიცდი. როცა ცუდად იქნები, დაგამშვიდებ. ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ, ერთმანეთი თუ გვეყოლება!
ასე მგონია, ნავსაყუდელი ვიპოვე. დღითიდღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდები ჩემთვის.
ერთად გატარებული ყოველი წამი მორიგი აღმოჩენაა. რაც უფრო მეტად შემოვდივარ შენს სამყაროში, მით უფრო მეტად გესისხლხორცები.
მადლობელი ვარ თითოეული დღისათვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია და იმ დღეებისთვის, რომლებიც ჯერაც წინაა. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, რადგანაც ყველაფერი საოცრად მსხვრევადი და წარმავალია... მაგრამ ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ის სითბო, რომლითაც ერთმანეთს ვავსებთ, არასოდეს გაქრება. უბრალოდ ვიჭერ წამებს და მათში შენთან ერთად მარადისობას ვპოულობ :)
მაინც ვერ შევძელი იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ეს შეუძლებელია.
შენი თითოეული უჯრედით და მთელი არსებით მიყვარხარ...

......

ბოლო ხანებში საშინელი გრაფიკით ვცხოვრობ. ვგრძნობ, ამდენი გათენებით და არეული რეჟიმით თანდათანობით როგორ მენგრევა ნერვული სისტემა და მთელი ორგანიზმი. ორგანიზმი, რომელიც წესით კიდევ რამდენიმე ათეული წელი უნდა მემსახუროს. ყოველთვის არ მყოფნის ნებისყოფა, საკუთარ თავს დავუშალო რაღაცეების კეთება და საბოლოოდ ქრონიკულში გადადის ხოლმე. მორჩა, დღეს აღარ დავიძინებ 6-ზე, როგორც წინა დღეებში. 3-ზე უნდა მეძინოს!
ის, რაც ხვალისთვის დავგეგმე, ზედმიწევნით უნდა განვახორციელო!
საკუთარ თავს აღარ გავატანინებ რაღაცეებს :)

......

:)

ჩემს ბლოგზე შემოსული 12 ადამიანი ერთდროულად არასოდეს მინახავს :)))
როგორ მიხარია :)

სანამ ამას ვწერდი, 14 გახდა :ჯუმპ:

უკვე 16 :ბის:

მადლობა :)))


დღეს საოცრად ბედნიერი დღე მაქვს! გუშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ახლა ასე კარგად ვიქნებოდი. ცხოვრება ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. არასოდეს იცი, რა გელის. ალბათ არც ღირს, წინასწარ იცოდე... ბევრი რამ ხდება - ცუდი, კარგი, ერთფეროვანი, მოსაწყენი, გულდასაწყვეტი, აღმაფრთოვანებელი, დამანგრეველი... არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა მოვლენა კანონზომიერია. მთავარია, არ დაკარგო რწმენა, სულით არ დაეცე და ყოველთვის საღი გონებით გაიაზრო სხვადასხვა სიტუაცია.
ჩემი მეგობრების გარეშე ძალიან უბედური და ღატაკი ვიქნებოდი. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ურთიერთობის შანსი მაქვს! თქვენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ეს არც პათეტიკაა და არც რაიმე გადაჭარბებული, ყველაფერი ზუსტად ასეა. უზომოდ ბედნიერი ვარ :)))
ბევრი რამ გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი აუცილებლად ბედნიერი იქნება. სანამ ერთმანეთის გვერდით ვართ, ვერაფერი და ვერავინ შესძლებს ჩვენს სულიერად გატეხვას. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო და მხარში ამოგიდგეთ!


პ.ს. მიყვარხართ <3

ყველაფერი წარმავალია, მაგრამ...


ამწუთას უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ შენ მყავხარ.
ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება.
მინდა, ყოველთვის ბედნიერი და მხიარული იყო.
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.
შენ არც კი იცი, რომ ძალიან ხშირად მესიზმრები და ზოგჯერ ჩაძინებამდე, ძილის დროსაც და გაღვიძებისასაც შენზე ვფიქრობ...
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ ამოძრავებ ჩემს სამყაროს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შენს გამო და შენთვისაა.
არაცნობიერად თუ ცნობიერად ჩემი ყოველი ქმედება და სიტყვა შენსკენაა მომართული.
მშიშარა ვარ... მეშინია ამ ყველაფრის თქმის ან იქნებ არცაა საჭირო.
ამ ყველაფერს ისედაც ვამჟღავნებ, ჩემი მთელი არსება მუდმივად გიგზავნის იმპულსებს, ფიქრებს, გრძნობებს. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ შენგანაც მუდმივად მოდის სითბოს ტალღები. იმდენად შეგეჩვიე, იმდენად შემიყვარდი, რომ უკვე ძალიან მეშინია...
მოდი, ახლა ცუდზე არ ვიფიქრებ და მხოლოდ იმით დავტკბები, რაც ახლა გვაქვს...
ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ ისევ ერთად ვართ. იმ დღემდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა.
სიტყვები ვერასოდეს შეძლებს იმის გამოხატვას, რასაც ვგრძნობთ-ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ყოველი შენთან ერთად გატარებული დღე მორიგი სასწაულია ჩემთვის... მიყვარხარ :)))
..

Carpe Diem...

ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად მომავალზე ფიქრობს, სულ რაღაცას გეგმავს, ყოველთვის წინასწარ უნდა, განსაზღვროს, რა იქნება 1 დღის, 1 კვირის, 1 თვის, 1 წლის და თუნდაც 5 წლის მერე. ერთი მხრივ სულაც არაა ცუდი თვისება. თითქოს ეს ყველაფერი უფრო ორგანიზებულს და მობილიზებულს გხდის, მაგრამ ცოტა უფრო ახლოდან თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ მომავალზე ბევრი ფიქრი საშინელ სტრესში გვაგდებს. არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი დასკვნა, რომელზეც ვერავინ იდავებს - არაფერია მუდმივი და უცვლელი. ყველაფერი საშინლად წარმავალი, მსხვრევადი, არამდგრადი და ილუზორულია. ისიც კი, რაც ხელშესახები და მძაფრად შეგრძნებადია, მეორე წამს მირაჟი აღმოჩნდება ხოლმე. რა გვიცავს ნიჰილიზმისგან? ალბათ რწმენა. დარწმუნებულობა იმაში, რომ არსებობს ღმერთი - ვისაც როგორ გვესმის და როგორ ვგრძნობთ მას. თუ გვჯერა იმისი, რომ არსებობს უდიდესი ძალა, რომლის ნებაც უზენაესია (ანუ ღმერთი), მაშინ აღარ არის ძნელი, გვწამდეს საკუთარი არსებობის უსასრულობის. აქედან გამომდინარე უფრო მარტივი ხდება მატერიაზე და არამდგრად რაღაცეებზე ამაღლება და მათი გადალახვა. თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ბედნიერება და ამასთანავე უბედურება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა და ყველა ურთიერთსაპირისპირო რამ არაა მუდმივი და შეიძლება ყოველწამიერად დამთავრდეს ან დაიწყოს, მაშინ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ არსებობისგან. იმ დროს, როცა ცხოვრობ დღევანდელი დღით ანუ Carpe Diem-ის პრინციპით და ამასთანავე ყველაფრისთვის მზად ხარ, სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან და სხვა ადამიანებისგან უფრო ადვილია. და ასევე ადვილია სხვებითვის სიამოვნების მინიჭება.
ამ ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ და ვცდილობ, ეს პრინციპი ბოლომდე გავატარო ცხოვრებაში. წვრილმანების გამო უამრავ დროს, ნერვებს, ენერგიას და ფულს ვხარჯავთ, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი წარმავალია სიყვარულის, სითბოს, ერთმანეთის მიმართ გამოხატული დადებითი ენერგიის გარდა.

comeback

აი, დადგა ის დღე, როდესაც აქაურობისთვის შესაბამისი განწყობა და დრო მოვძებნე.
მე და ჩემი ძმა უკვე თვეზე მეტია, მარტო ვცხოვრობთ. კვირაში რამდენჯერმე დედა და მამა მოდიან ხოლმე და დაგვხედავენ. როცა ხედავენ, რომ ჯერ არ დაგვიხოცავს ერთმანეთი, მშვიდდებიან :)) გიორგი ხანდახან მართლაც ისე მიშლის ნერვებს, ლამისაა დანით გამოვეკიდო. ის 23-საა, მე - 25-ს, მაგრამ მაინც იგივენაირად ვჩხუბობთ, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ახლა სხვა მიზეზები გვაქვს, მაგრამ საკითხის არსი ამით არ იცვლება. ახლა იუმორით ვწერ ამაზე, მაგრამ ხანდახან ისე ვმწარდები, ლამის ცხარე ცრემლებით ვიტირო. მოკლედ, ჩემს ძმასთან ერთად მშობლების გარეშე ცხოვრებასაც საკმაოდ ბევრი პრობლემა მოჰყვა, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.
ამ პერიოდში სამსახურში ნეგატიური ცვლილებები მოხდა. 2 თვეა, რაც ჩვენი ოფისი დახურეს და ჯერ ისიც არ იციან, როდის განაახლებენ მუშაობას. სადაც ვიყავით, ის ადგილი სხვაზე გაქირავდა ჯერ კიდევ დეკემბერში და ახლა მხოლოდ ვირტუალურად ვარსებობთ. საკმაოდ დიდი კაპიტალი არის ჩადებული და იმიტომაც აჯდებიან ფულს. უხელფასო და უვადო შვებულებაში ვარ. ამწუთას დედაჩემის ფულით ვცხოვრობ. სანამ საკუთარ ხელფასზე მოვახერხებ ცხოვრებას, იქამდე დამეხმარება. წლის ბოლომდე მეყოფა ის თანხა და მაგ დროისთვის უკვე მყარად უნდა დავდგე ფეხზე.
ეს პოსტი ძალიან გრძელი და მომაბეზრებელი რომ არ გამოვიდეს, აქ შევწყვეტ წერას და შემდეგ ნაწერში უკვე გერმანიის და ჩეხეთის ამბებს მოგიყვებით. გარდა ამისა, 6-ში დაბადების დღე მქონდა და ამაზეც დავწერ ორიოდე სიტყვას.

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი