~*~*~*~*~*~*~*~*~*~*~


ნახევარი საათია, რაც სამსახურიდან მოვედი. როცა გამოვედი, წვიმა იწყებოდა. მერე ფეხით წავედი მარშრუტკის გაჩერებამდე საკმაოდ დიდ მანძილზე და ამ დროს დასცხო. ერთი საათი გზაში ვიყავით, საშინელი საცობები იყო ყველგან. სანაპიროზე მანქანები ტროტუარებზეც დადიოდა :))) აიპოდი რომ არ მქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი. ვუსმენდი ჯეფ ბაკლის, თრევისს, მორისეის და თან მარშრუტკის ფანჯრიდან ვუყურებდი ნიაღვრებიან ქუჩებს, ადამიანებს... თან ვფიქრობდი.
ისე ვეჭიდები პოზიტივს, როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს. არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში! არაფერს და არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ განწყობა გამიფუჭოს, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ. მეგი, ჭკვიანად თუ არ იქნები და ნერვებს თუ მომიშლი, ცუდ დღეში ჩაგაგდებ. ძილის წინ წკიპურტებსაც მივირტყამ. პეპის შველოდა ხოლმე ეს მეთოდი და იმედია, ჩემზეც იმოქმედებს.
მიხარია, რომ ვმუშაობ და მოდუნების საშუალება არ მაქვს. ვიცი, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უნდა ავდგე დილას და სამსახურში წავიდე. იქ მელოდება საქმე, რომელიც ჩემგან კონცენტრირებას ითხოვს და შესაბამისად, ფაქტიურად აღარ მრჩება დრო, სხვა რაღაცეებზე ვიფიქრო.

~~~~~~~~~


დილას მაღვიძარას უნდა დავეღვიძებინე, მაგრამ ძალიან გათიშულს მეძინა და 11-ის 15 წუთზე გამეღვიძა. მერე სამსახურში წავედი და 7-ზე სახლში მოვედი. რამდენიმესაათიანი მონოტონური სამუშაოს შემდეგ აშკარად მჭირდებოდა გასერინება, მაგრამ არავის ეცალა ჩემთვის :( ის დაბ. დღეზე წავიდა, თიკო წყნეთში ასულა და იქ რჩებოდა, ელენე სახლში იყო და რაღაც საქმეები ჰქონდა... სხვებისთვის არც დამირეკავს. ეკა ვაზისუბანში ცხოვრობს და ისედაც ვერ ვნახავდი. დანარჩენები მუშაობენ და საღამოობით ძირითადად არაფრის თავი აღარ აქვთ ხოლმე. ჰოდა, საბოლოოდ იძულებითი წესით სახლში დავრჩი. არადა, ისეთი სასიამოვნო საღამო იყო და ფეხებიც ისე გამირბოდა სახლიდან...

კიდევ რაზე ვფიქრობდი, იცით? ადამიანები გულთან ახლოს მიმყავს ხოლმე. თავისთავად, ბინებრივად, უნებლიედ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვლაპარაკობ. ჰოდა, ვინმე ერთხელ მაინც თუ მოვა ჩემს გულთან ახლოს, სამუდამოდ იქ რჩება ხოლმე. მერე ყველაფერს განვიცდი, რასაც ისინი აკეთებენ ჩემთან მიმართებაში. არ შემიძლია, ზოგი რამ უბრალოდ დავიკიდო, გავატარო ან ჩავყლაპო. ძალიან მოწყლვადი ვხდები ამ დროს. და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ამ დროს უმარტივესია ჩემთვის გულის ტკენა. არადა, სხვა დროს ძალიან ძნელად მწყინს ხოლმე რაღაც. შეიძლება მინდოდეს, გულიდან შორს გადავსვა რომელიმე ადამიანი, მაგრამ ეს ფუნქცია კონტროლს არ ექვემდებარება, ძალიან თავნებობს. თითქოს ფესვებს იდგამს ხოლმე შიგნით, სიღრმეში.

ის მენატრებოდა და ახლაც ძალიან მენატრება. მადარდებს და მაღელვებს ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. მინდა, რომ ყველაფერი ისე ჰქონდეს, როგორც თვითონ უნდა.
მინდა, ყველა მავნე ჩვევა დაძლიოს. მინდა, საკუთარი დადებითი თვისებები უფრო ხშირად გამოავლინოს და იმასაც მიხვდეს, რომ ცუდი თვისებები უბრალოდ სიჯიუტის და ბავშვური ახირების ბრალია და არა მისი არსიდან გამომდინარე.
მინდა, მიხვდეს და გააცნობიეროს, ვინ არის და რა შეუძლია. მე გვერდში გყავარ, იცოდე! სადაც ხარ, მშვიდობით ყოფილიყავი. მენატრები, შენზე ვფიქრობ. ძილი ნებისა, პატარ! :)))


საბოლოოდ დავუბრუნდი ბლოგს. ვგრძნობ, რომ წერა მჭირდება. მინდა, უფრო თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრები და ემოციები, მაგრამ ჩემი ვარაუდით ამ კონდიციამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება.


ხვალ სამსახურში მივდივარ, რაც უკვე თავისთავად პლიუსია, იმიტომ, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტის წინ არ მქონდა მუდმივი სამუშაო ადგილი. მინდა, მხოლოდ კარგს ველოდო, მაგრამ ვიცი, შიგადაშიგ ნეგატივიც გამოერევა. აქცენტი აუცილებლად პოზიტივზე გაკეთდება :)


ახლა კი ხვალამდე. ძილი ნებისა!


პ.ს. ტკბილად იძინე :)))))))))))))

~~~~~~


როცა გგონია, რომ ადამიანი ძალიან ახლოსაა, უცებ ისეთ დისტანცირებას ახდენს შენგან, რომ თითქოს სინათლის წელიწადი იყოს თქვენს შორის.
საბოლოო ჯამში მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ უკლებლივ ყველა მარტოსულები ვართ. რთული არსებები ვართ, რას ვიზამთ. ის, ვინც უფრო მარტივია, მისთვის კომფორტი და ბედნიერება უფრო ადვილად მისაღწევია. ამაზე ჩემს მეგობართანაც მისაუბრია, რომელიც ჭკვიანი ადამიანია. ისიც დამეთანხმა იმაში, რომ ვისაც ნაკლები მოთხოვნილებები აქვს, ის უფრო მარტივად ხდება ბედნიერი და იმათზე უკეთესად გრძნობს თავს, ვინც უფრო ინტელექტუალური და განვითარებულია. ადამიანი, ვინც ბევრს ფიქრობს, მუდმივად სტრესშია. ვერასოდეს ახერხებს განტვირთვას, უბრალოდ ზოგჯერ ითიშება.

Stop thinking, let's drinking!

გულთან ახლოს


იმის შემდეგ არაფერი მახსოვს,
რაც შენ დაბინავდი გულთან ახლოს.
კარგად ვიცი, მე ვარ შენი მელა,
ვისაც უყვარს თავის მახრჩობელა.
მოდი, შენ იყავი ჩემი მთვარე,
მე ვიქნები შენი თანამგზავრი.
ჩუმად გეტყვი, მოდი, დამემგზავრე,
მე ვიქნები გზა და შენ კი - მგზავრი.


დროთა განმავლობაში ვხუნდებით. ხუნდება მოგონებები, ბუნდოვნდება, თვალსა და ხელს შუა იცრიცება და ბოლოს ცნობიერების უფსკრულში უჩინარდება. შესაძლებელია, ისე მოვახერხოთ, რომ ფერების ინტენსივობა მუდმივად შენარჩუნდეს? თეორიულად შესაძლებელია, თუმცა უზარმაზარ რესურსებს საჭიროებს.
ამის წერა დავიწყე, მაგრამ გაგრძელებას ვეღარ ვაბამ თავს. აზროვნების ძაფი დამეკარგა...

~~~



გუშინ შენს კართან უჩინარი ლილია დავტოვე, რომელსაც გადაუარე.
მისი ფურცლები ფეხსაცმელზე აგყვა და ქუჩის მტვერს შეერია.
გუშინწინ ქარს კოცნა გამოვატანე, რომელმაც შენს დაკეტილ ფანჯარასთან იცადა, იცადა და ბოლოს მინაზე ჩამოეღვენთა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


~~~~~~~~~~~~~~

მოკითხვა სამალიოტის მაჩვისგან :)))

ჩემთან ყველაფერი კარგადაა. არის რუტინული ელემენტები - მაგ. სამსახური, მაგრამ საბოლოო ჯამში დღე არასოდეს გამოდის ერთფეროვანი. პოზიტივის ნიშნული ჯერაც მაღლაა და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰო, ამაში ერთ ადამიანს მიუძღვის წვლილი :)

თითქოს ისე აღარ მეწერინება, მაგრამ როცა მომივლის, მოვალ ხოლმე.
მინდა, ყველაფერი კარგად იყოს თქვენთან და ჩემთან :)
ასეც იქნება, ვიცი!

=)



ეს ფოტო ერთმა განსაკუთრებულმა ადამიანმა მაჩუქა.
ეს ადამიანი ერთ-ერთი უსაინტერესოესი ვინმეა მათ შორის, ვისაც ვიცნობ :)


ბედნიერი ვარ =)


ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა და შემდეგი თავი დაიწყო. დამთავრდა დეპრესია, აპათია, ნიჰილიზმი და ზოგადად, ნეგატივი.

ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო.
ახალი სამსახური, ახალი გარემო და რაც მთავარია, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა =)
ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და ახლა უკვე თითქმის მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, რამდენად შევინარჩუნებ და განვავითარებ.

საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცდა, გავძლიერდი, გავთავისუფლდი, გავლაღდი :)
ახლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარც ჩემს ცხოვრებაში და აღარც ამ ბლოგზე დაისადგურებს ოდესმე რაიმე ნეგატიური და დეპრესიული.

მადლობა ყველაფრისთვის :) ვის? არ ვიცი. უბრალოდ, მადლობა და მორჩა :)
და კიდევ ერთი - დღეის იქით აღარ გავუჩინარდები სამალიოტის მაჩვივით =)

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი