......

:)

ჩემს ბლოგზე შემოსული 12 ადამიანი ერთდროულად არასოდეს მინახავს :)))
როგორ მიხარია :)

სანამ ამას ვწერდი, 14 გახდა :ჯუმპ:

უკვე 16 :ბის:

მადლობა :)))


დღეს საოცრად ბედნიერი დღე მაქვს! გუშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ახლა ასე კარგად ვიქნებოდი. ცხოვრება ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. არასოდეს იცი, რა გელის. ალბათ არც ღირს, წინასწარ იცოდე... ბევრი რამ ხდება - ცუდი, კარგი, ერთფეროვანი, მოსაწყენი, გულდასაწყვეტი, აღმაფრთოვანებელი, დამანგრეველი... არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა მოვლენა კანონზომიერია. მთავარია, არ დაკარგო რწმენა, სულით არ დაეცე და ყოველთვის საღი გონებით გაიაზრო სხვადასხვა სიტუაცია.
ჩემი მეგობრების გარეშე ძალიან უბედური და ღატაკი ვიქნებოდი. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ურთიერთობის შანსი მაქვს! თქვენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ეს არც პათეტიკაა და არც რაიმე გადაჭარბებული, ყველაფერი ზუსტად ასეა. უზომოდ ბედნიერი ვარ :)))
ბევრი რამ გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი აუცილებლად ბედნიერი იქნება. სანამ ერთმანეთის გვერდით ვართ, ვერაფერი და ვერავინ შესძლებს ჩვენს სულიერად გატეხვას. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო და მხარში ამოგიდგეთ!


პ.ს. მიყვარხართ <3

ყველაფერი წარმავალია, მაგრამ...


ამწუთას უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ შენ მყავხარ.
ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება.
მინდა, ყოველთვის ბედნიერი და მხიარული იყო.
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.
შენ არც კი იცი, რომ ძალიან ხშირად მესიზმრები და ზოგჯერ ჩაძინებამდე, ძილის დროსაც და გაღვიძებისასაც შენზე ვფიქრობ...
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ ამოძრავებ ჩემს სამყაროს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შენს გამო და შენთვისაა.
არაცნობიერად თუ ცნობიერად ჩემი ყოველი ქმედება და სიტყვა შენსკენაა მომართული.
მშიშარა ვარ... მეშინია ამ ყველაფრის თქმის ან იქნებ არცაა საჭირო.
ამ ყველაფერს ისედაც ვამჟღავნებ, ჩემი მთელი არსება მუდმივად გიგზავნის იმპულსებს, ფიქრებს, გრძნობებს. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ შენგანაც მუდმივად მოდის სითბოს ტალღები. იმდენად შეგეჩვიე, იმდენად შემიყვარდი, რომ უკვე ძალიან მეშინია...
მოდი, ახლა ცუდზე არ ვიფიქრებ და მხოლოდ იმით დავტკბები, რაც ახლა გვაქვს...
ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ ისევ ერთად ვართ. იმ დღემდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა.
სიტყვები ვერასოდეს შეძლებს იმის გამოხატვას, რასაც ვგრძნობთ-ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ყოველი შენთან ერთად გატარებული დღე მორიგი სასწაულია ჩემთვის... მიყვარხარ :)))
..

Carpe Diem...

ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად მომავალზე ფიქრობს, სულ რაღაცას გეგმავს, ყოველთვის წინასწარ უნდა, განსაზღვროს, რა იქნება 1 დღის, 1 კვირის, 1 თვის, 1 წლის და თუნდაც 5 წლის მერე. ერთი მხრივ სულაც არაა ცუდი თვისება. თითქოს ეს ყველაფერი უფრო ორგანიზებულს და მობილიზებულს გხდის, მაგრამ ცოტა უფრო ახლოდან თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ მომავალზე ბევრი ფიქრი საშინელ სტრესში გვაგდებს. არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი დასკვნა, რომელზეც ვერავინ იდავებს - არაფერია მუდმივი და უცვლელი. ყველაფერი საშინლად წარმავალი, მსხვრევადი, არამდგრადი და ილუზორულია. ისიც კი, რაც ხელშესახები და მძაფრად შეგრძნებადია, მეორე წამს მირაჟი აღმოჩნდება ხოლმე. რა გვიცავს ნიჰილიზმისგან? ალბათ რწმენა. დარწმუნებულობა იმაში, რომ არსებობს ღმერთი - ვისაც როგორ გვესმის და როგორ ვგრძნობთ მას. თუ გვჯერა იმისი, რომ არსებობს უდიდესი ძალა, რომლის ნებაც უზენაესია (ანუ ღმერთი), მაშინ აღარ არის ძნელი, გვწამდეს საკუთარი არსებობის უსასრულობის. აქედან გამომდინარე უფრო მარტივი ხდება მატერიაზე და არამდგრად რაღაცეებზე ამაღლება და მათი გადალახვა. თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ბედნიერება და ამასთანავე უბედურება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა და ყველა ურთიერთსაპირისპირო რამ არაა მუდმივი და შეიძლება ყოველწამიერად დამთავრდეს ან დაიწყოს, მაშინ უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ არსებობისგან. იმ დროს, როცა ცხოვრობ დღევანდელი დღით ანუ Carpe Diem-ის პრინციპით და ამასთანავე ყველაფრისთვის მზად ხარ, სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან და სხვა ადამიანებისგან უფრო ადვილია. და ასევე ადვილია სხვებითვის სიამოვნების მინიჭება.
ამ ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ და ვცდილობ, ეს პრინციპი ბოლომდე გავატარო ცხოვრებაში. წვრილმანების გამო უამრავ დროს, ნერვებს, ენერგიას და ფულს ვხარჯავთ, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი წარმავალია სიყვარულის, სითბოს, ერთმანეთის მიმართ გამოხატული დადებითი ენერგიის გარდა.

comeback

აი, დადგა ის დღე, როდესაც აქაურობისთვის შესაბამისი განწყობა და დრო მოვძებნე.
მე და ჩემი ძმა უკვე თვეზე მეტია, მარტო ვცხოვრობთ. კვირაში რამდენჯერმე დედა და მამა მოდიან ხოლმე და დაგვხედავენ. როცა ხედავენ, რომ ჯერ არ დაგვიხოცავს ერთმანეთი, მშვიდდებიან :)) გიორგი ხანდახან მართლაც ისე მიშლის ნერვებს, ლამისაა დანით გამოვეკიდო. ის 23-საა, მე - 25-ს, მაგრამ მაინც იგივენაირად ვჩხუბობთ, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ახლა სხვა მიზეზები გვაქვს, მაგრამ საკითხის არსი ამით არ იცვლება. ახლა იუმორით ვწერ ამაზე, მაგრამ ხანდახან ისე ვმწარდები, ლამის ცხარე ცრემლებით ვიტირო. მოკლედ, ჩემს ძმასთან ერთად მშობლების გარეშე ცხოვრებასაც საკმაოდ ბევრი პრობლემა მოჰყვა, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.
ამ პერიოდში სამსახურში ნეგატიური ცვლილებები მოხდა. 2 თვეა, რაც ჩვენი ოფისი დახურეს და ჯერ ისიც არ იციან, როდის განაახლებენ მუშაობას. სადაც ვიყავით, ის ადგილი სხვაზე გაქირავდა ჯერ კიდევ დეკემბერში და ახლა მხოლოდ ვირტუალურად ვარსებობთ. საკმაოდ დიდი კაპიტალი არის ჩადებული და იმიტომაც აჯდებიან ფულს. უხელფასო და უვადო შვებულებაში ვარ. ამწუთას დედაჩემის ფულით ვცხოვრობ. სანამ საკუთარ ხელფასზე მოვახერხებ ცხოვრებას, იქამდე დამეხმარება. წლის ბოლომდე მეყოფა ის თანხა და მაგ დროისთვის უკვე მყარად უნდა დავდგე ფეხზე.
ეს პოსტი ძალიან გრძელი და მომაბეზრებელი რომ არ გამოვიდეს, აქ შევწყვეტ წერას და შემდეგ ნაწერში უკვე გერმანიის და ჩეხეთის ამბებს მოგიყვებით. გარდა ამისა, 6-ში დაბადების დღე მქონდა და ამაზეც დავწერ ორიოდე სიტყვას.

კიდევ ერთი ცვლილება

20 დეკემბრიდან მე და ჩემი ძმა მარტო ვიცხოვრებთ. დედაჩემმა ცალკე გადასვლა გადაწყვიტა. გამოდის, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ და ახლა მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. უფრო მეტად მიხარია, ვიდრე მწყინს. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება და ახლა ფაქტიურად ასეც იქნება. ჩემი დღის განრიგი ისედაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ახლა უკვე მეშინია, რომ გვიან დაძინებას ვეღარ ავცდები. ამისთვის საჭიროა სწორად დავგეგმო მთელი დღე. ერთი რამ, რაც დიდი პლიუსია, ისაა, რომ როცა და რამდენი ხნითაც მინდა, იმდენი ხნით მოვიყვან მეგობრებს :) დაბადების დღესაც სავარაუდოდ სახლში გადავიხდი. ფაქტიურად ყველაფერზე მე მომიწევს ზრუნვა, მაგრამ სახლის დალაგებაზე ერთი ქალი გვეხმარებოდა და ალბათ კვირაში ერთხელ მოვიყვანთ-ხოლმე. ყველანაირი სიახლისთვის მზად ვარ და რატომღაც მიხარია :)

არავითარი სინანული

ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ყველაფერს ალბათ ზუსტად ისევე გავაკეთებდი, როგორც ვქენი. იმიტომ არა, რომ ჯიუტი ან ქედმაღალი ვარ (ეს თვისებებიც მაქვს რაღაც დოზებში, რა თქმა უნდა). იმიტომ არ შევცვლიდი, რომ ყველა ამ შეცდომის დაშვების გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და ვიქნებოდი სრულიად სხვა ადამიანი. უკეთესი თუ უარესი, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ბედნიერებაა, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასე ხომ უინტერესო იქნებოდა ცხოვრება. ბარიერები და პრობლემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე უხერხემლო არსებები ვიქნებით ყოველგვარი იმუნიტეტის გარეშე. ყოველი შეცდომა და ზოგადად, ყველა მოვლენა, რაღაცნაირად აისახება ჩვენზე. რაღაც მომენტში ბედისწერისაც მჯერა. თუ გნებავთ, უვიცობაში ჩამომართვით. რაღაცა არსებობს :D

არაფერს ვნანობ. აქ არ იგულისხმება სიტუაციები, როცა მართალი არ ვიყავი და ბოდიშის მოსახდელად მქონდა საქმე. არასოდეს მიჭირს ბოდიშის მოხდა. ვერავინ დამაბრალებს არაგულწრფელობას. ჰოდა, არაფერს ვნანობ-მეთქი. არ ვნანობ არცერთ ურთიერთობას, არცერთ კოცნას, არცერთ ღიმილს, არცერთ ცრემლს, არცერთ სიტყვას, არცერთ გრძნობას, არცერთ გათენებულ ღამეს, არცერთ ქცევას..

I'm alive!

არ გავმქრალვარ, უბრალოდ არ დამიწერია. იმიტომ, არა, რომ არ მეწერინებოდა. არც იმიტომ, რომ მეზარებოდა. არც იმიტომ, რომ დრო ვერ გამოვნახე. არც იმიტომ, რომ ცვლილებები არ ყოფილა. პირიქით, ბევრი რამ შეიცვალა. ძირითადად პოზიტიური მოვლენები იყო. პრინციპში აქტიური დღეები მქონდა. ვმუშაობდი, მეგობრებს ვნახულობდი, რაღაც საქმეებზე დავრბოდი... ამ პერიოდში სიღნაღშიც გავისეირნე, კახურ ქორწილშიც მოვხვდი და სტრიპტიზ-ბარსაც ვეწვიე :D თანაც ეს ყველაფერი სხვათა შორის ერთი და იგივე დღეს მოხდა. კიდევ იყო ბევრი სასიამოვნო საღამო მარისთან, ნუცასთან, თაკასთან, ქეთისთან, დეასთან, ნუცისთან და სხვებთან ერთად. ახლა ყველაფრის ჩამოთვლას აზრიც არ ექნება. უახლესი ამბებით გავაგრძელებ. სამშაბათს პრაღაში მივფრინავ დედასთან და ძმასთან ერთად :) იქიდან გერმანიაშიც ვაპირებთ ჩასვლას. ერთი კვირით სრულიად ვწყდები აქაურობას! იმ დღეს ჩემს ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და მაშინ პირველად მოხვდა ჩემს ბლოგზე. იმას რომ არ ეთქვა, ვერც ვხვდებოდი იმას, რომ ჩემი ოცნება მოგზაურობაზე ასე სწრაფად ასრულდა :) ცხვირწინ მქონდა ეს ყველაფერი და ვერ ვაცნობიერებდი. ალბათ სხვა რამეებშიც ასეა. ბევრი რამ, რასაც ვნატრობ, უკვე მაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავ. იქნებ უფრო ფართოდ უნდა გავახილო თვალები? ჰო, ნამდვილად ასეა. ერთი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, მეგობრებია და საერთოდ, ურთიერთობები. შეუფასებელია!


აპათია



1 თვეზე მეტია, აღარაფერი დამიწერია აქ. ზოგისთვის ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის ძირითადად უღიმღამოდ ჩაიარა. იყო რამდენიმე ნათელი დღე, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი განწყობის შესაქმნელად.
სამსახურში ერთფეროვნებაა. ახალი წლის მერეც თუ ასე იქნა, წამოვალ იქიდან და უფრო საინტერესო სამუშაოს ვიპოვი. თითქოს ფოტოგრაფიის კურსებზეც მინდოდა მისვლა, მაგრამ რაღაცნაირად მეზარება, ფეხს ვითრევ. არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამახალისებდა და ჩემს შემოქმედებით მხარესაც ნაწილობრივ მაინც განვახორციელებდი.
ახლა ვზივარ აქ და გეწუწუნებით, როცა შემიძლია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მინდა.
რა მიშლის ამაში ხელს? რა და სტიმულის უქონლობა. დიდი ხანია, ეს მდგომარეობა მიგრძელდება. აი, ისევ ვწუწუნებ. მორჩა, აქ ვწყვეტ, ძალიან მომაბეზრებელია სხვისი წუწუნის კითხვა.
ის, ვისშიც ნამდვილად მიმართლებს, მეგობრებია. მათ გარეშე საერთოდ არ ექნებოდა რამეს აზრი. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვუყვარვარ, ვადარდებ და ყველაფრის თანაზიარია, შვებას მგვრის. რაც უნდა ცუდად ვიყო, მეგობრობაზე მაინც არასოდეს აისახება ეს.

ზამთარი მიახლოვდება და როგორც ჩანს, ამ ზამთრის გადაგორება მარტოდმარტო მომიწევს. არაუშავს, ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)


მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი