ბათუმი

ეს დღეები სულ მინდოდა მოვსულიყავი და ბევრი რამ დამეწერა. სხვადასხვა აზრები, განცდები, ემოციები და პატარ-პატარა ისტორიები.
ბოლო დღეებია საშინლად გაციებული ვარ და იძულებითი შინაპატიმრობა მიწევს. თან ისეთი საშინელი ამინდები დაემთხვა, რომ ნამდვილად სახლში ყოფნა სჯობდა. ახლა უკეთესაც ვარ და ხვალიდან ისევ ვუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.
რეჟიმი მაინც ვერ მოვიწესრიგე, მაგრამ ამწუთას ეს მაინცდამაინც არ მაღელვებს. ერთადერთი, რაც მინდა, ორშაბათიდან სამსახურის საქმეებზე სიარულისთვის თავის მობმაა.
1 კვირის წინ მობილური მომპარეს. დამენანა უამრავი ნომერი და სმს. ჯერ არსებობს პოვნის შანსი, მაგრამ თუნდაც ვიპოვო, მთელი ღირებული ინფორმაცია ამოშლილი იქნება :( არაუშავს, ამ ამბავს ძალიან ჩვეულებრივად ვუყურებ, ფაქტიურად აღარ მანაღვლებს. მთავარია, ყველა, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ჯანმრთელი და შეძლებისდაგვარად ბედნიერი იყოს, სხვას არაფერს ვჩივი :)

დილა მშვიდობისა, სამყაროვ! :)

69

69 იმიტომ, რომ სამოცდამეცხრე პოსტია ბლოგზე :)
საწუწუნოდ მოვედი.
უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. სამი თვეა, რაც უმუშევარი ვარ და ეს დრო მხოლოდ გართობასა და ლაზღანდარობაში გავატარე. ისედაც ძალიან ზარმაცი ვარ და ამ სიტუაციამ უფრო "შემიწყო" ხელი ამ თვისების სრულ დემონსტრირებაში.
არ მომწონს ასეთი ცხოვრება, ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როგორც ჩანს, არასაკმარისად საიმისოდ, რომ რეალური გადაწყვეტილებები მივიღო და გავყოჩაღდე. დრო ძალიან სწრაფად გადის და არაფერ ფასეულს არ ვქმნი.
მიუხედავად იმისა, რომ წესით ყველანაირი სამუშაო მისაღები და სასურველი უნდა იყოს ამ ყბადაღებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ქართული ქრონიკული (ყველანაირი) კრიზისის ფონზე, მაინც ამაღლებული მოთხოვნები მაქვს და მინდა, კრეატიული და საინტერესო სამსახური მქონდეს. ისეთი, რომელშიც საკუთარ თავს ნაწილობრივ მაინც ვარეალიზებ. არ მაქვს პრეტენზია მაღალ ხელფასზე, იყოს თუნდაც 300-400 ლარი. ახლა ვზივარ და ამ ყველაფერზე ვწერ, იმის მაგივრად, დავრბოდე და ვეძებდე სასურველ სამსახურს. სირცხვილია, 25 წლის ვარ და სამი თვეა უმუშევარი დავდივარ. დედაჩემის ხარჯზე ვცხოვრობ ამხელა ვირი. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ვაკეთებ - დროის ფლანგვაა. შემეძლო, ამდენი თავისუფალი დრო თავისუფლად გამომეყენებინა სწავლისთვის, ვარჯიშისთვის ან რაიმე პროდუქტიული საქმიანობისთვის.
მორჩა, აღარ მინდა წუწუნი. დღევანდელი ნორმა ამოწურულია.
სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები და ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც მთელი გულით მიხარია. ეს ნათელი მომენტები რომ არა, აქამდე ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი.
ჰოდა, ბოლოს საკუთარ თავს მივმართავ: ჩემო თავო, ნუ ხარ ასეთი ზარმაცი, უსაქმური და ბედოვლათი, თორემ წლები ძალიან მალე გაივლის და ხელში არარაობა შეგრჩება. ოე-ოე, აზრზე მოდი!

ჩვენ


სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, რასაც ვგრძნობ.
იმხელა სითბო მოდის შენგან, შემიძლია უბრალოდ ჩაგეხუტო და მთელი ცხოვრება ასე ვიყო.
როცა გულში მიკრავ, დრო ჩერდება და სამყაროს ცენტრი შენში ინაცვლებს.
ყველაფერზე და ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ხელი ჩამკიდე და აღარასოდეს გამიშვა... ყველგან წამოგყვები, თვალდახუჭული ვივლი შენთან ერთად.
არასოდეს არაფრის შემეშინდება, შენ თუ გვერდით მეყოლები. უსიტყვოდ გაგიგებ ყველაფერს.
შენს თვალებში ამოვიკითხავ, რა გაწუხებს, რა გიხარია და რას განიცდი. როცა ცუდად იქნები, დაგამშვიდებ. ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ, ერთმანეთი თუ გვეყოლება!
ასე მგონია, ნავსაყუდელი ვიპოვე. დღითიდღე უფრო და უფრო ძვირფასი ხდები ჩემთვის.
ერთად გატარებული ყოველი წამი მორიგი აღმოჩენაა. რაც უფრო მეტად შემოვდივარ შენს სამყაროში, მით უფრო მეტად გესისხლხორცები.
მადლობელი ვარ თითოეული დღისათვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია და იმ დღეებისთვის, რომლებიც ჯერაც წინაა. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, რადგანაც ყველაფერი საოცრად მსხვრევადი და წარმავალია... მაგრამ ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ის სითბო, რომლითაც ერთმანეთს ვავსებთ, არასოდეს გაქრება. უბრალოდ ვიჭერ წამებს და მათში შენთან ერთად მარადისობას ვპოულობ :)
მაინც ვერ შევძელი იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ეს შეუძლებელია.
შენი თითოეული უჯრედით და მთელი არსებით მიყვარხარ...

......

ბოლო ხანებში საშინელი გრაფიკით ვცხოვრობ. ვგრძნობ, ამდენი გათენებით და არეული რეჟიმით თანდათანობით როგორ მენგრევა ნერვული სისტემა და მთელი ორგანიზმი. ორგანიზმი, რომელიც წესით კიდევ რამდენიმე ათეული წელი უნდა მემსახუროს. ყოველთვის არ მყოფნის ნებისყოფა, საკუთარ თავს დავუშალო რაღაცეების კეთება და საბოლოოდ ქრონიკულში გადადის ხოლმე. მორჩა, დღეს აღარ დავიძინებ 6-ზე, როგორც წინა დღეებში. 3-ზე უნდა მეძინოს!
ის, რაც ხვალისთვის დავგეგმე, ზედმიწევნით უნდა განვახორციელო!
საკუთარ თავს აღარ გავატანინებ რაღაცეებს :)

......

:)

ჩემს ბლოგზე შემოსული 12 ადამიანი ერთდროულად არასოდეს მინახავს :)))
როგორ მიხარია :)

სანამ ამას ვწერდი, 14 გახდა :ჯუმპ:

უკვე 16 :ბის:

მადლობა :)))


დღეს საოცრად ბედნიერი დღე მაქვს! გუშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ახლა ასე კარგად ვიქნებოდი. ცხოვრება ნამდვილად სიურპრიზებითაა სავსე. არასოდეს იცი, რა გელის. ალბათ არც ღირს, წინასწარ იცოდე... ბევრი რამ ხდება - ცუდი, კარგი, ერთფეროვანი, მოსაწყენი, გულდასაწყვეტი, აღმაფრთოვანებელი, დამანგრეველი... არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა მოვლენა კანონზომიერია. მთავარია, არ დაკარგო რწმენა, სულით არ დაეცე და ყოველთვის საღი გონებით გაიაზრო სხვადასხვა სიტუაცია.
ჩემი მეგობრების გარეშე ძალიან უბედური და ღატაკი ვიქნებოდი. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ურთიერთობის შანსი მაქვს! თქვენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ეს არც პათეტიკაა და არც რაიმე გადაჭარბებული, ყველაფერი ზუსტად ასეა. უზომოდ ბედნიერი ვარ :)))
ბევრი რამ გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი აუცილებლად ბედნიერი იქნება. სანამ ერთმანეთის გვერდით ვართ, ვერაფერი და ვერავინ შესძლებს ჩვენს სულიერად გატეხვას. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო და მხარში ამოგიდგეთ!


პ.ს. მიყვარხართ <3

ყველაფერი წარმავალია, მაგრამ...


ამწუთას უზომოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ შენ მყავხარ.
ყველაფერი საუკეთესო შენთვის მემეტება.
მინდა, ყოველთვის ბედნიერი და მხიარული იყო.
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.
შენ არც კი იცი, რომ ძალიან ხშირად მესიზმრები და ზოგჯერ ჩაძინებამდე, ძილის დროსაც და გაღვიძებისასაც შენზე ვფიქრობ...
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. შენ ამოძრავებ ჩემს სამყაროს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შენს გამო და შენთვისაა.
არაცნობიერად თუ ცნობიერად ჩემი ყოველი ქმედება და სიტყვა შენსკენაა მომართული.
მშიშარა ვარ... მეშინია ამ ყველაფრის თქმის ან იქნებ არცაა საჭირო.
ამ ყველაფერს ისედაც ვამჟღავნებ, ჩემი მთელი არსება მუდმივად გიგზავნის იმპულსებს, ფიქრებს, გრძნობებს. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ შენგანაც მუდმივად მოდის სითბოს ტალღები. იმდენად შეგეჩვიე, იმდენად შემიყვარდი, რომ უკვე ძალიან მეშინია...
მოდი, ახლა ცუდზე არ ვიფიქრებ და მხოლოდ იმით დავტკბები, რაც ახლა გვაქვს...
ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ ისევ ერთად ვართ. იმ დღემდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა.
სიტყვები ვერასოდეს შეძლებს იმის გამოხატვას, რასაც ვგრძნობთ-ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ყოველი შენთან ერთად გატარებული დღე მორიგი სასწაულია ჩემთვის... მიყვარხარ :)))
..

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი