კიდევ ერთი ცვლილება

20 დეკემბრიდან მე და ჩემი ძმა მარტო ვიცხოვრებთ. დედაჩემმა ცალკე გადასვლა გადაწყვიტა. გამოდის, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ და ახლა მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. უფრო მეტად მიხარია, ვიდრე მწყინს. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება და ახლა ფაქტიურად ასეც იქნება. ჩემი დღის განრიგი ისედაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ახლა უკვე მეშინია, რომ გვიან დაძინებას ვეღარ ავცდები. ამისთვის საჭიროა სწორად დავგეგმო მთელი დღე. ერთი რამ, რაც დიდი პლიუსია, ისაა, რომ როცა და რამდენი ხნითაც მინდა, იმდენი ხნით მოვიყვან მეგობრებს :) დაბადების დღესაც სავარაუდოდ სახლში გადავიხდი. ფაქტიურად ყველაფერზე მე მომიწევს ზრუნვა, მაგრამ სახლის დალაგებაზე ერთი ქალი გვეხმარებოდა და ალბათ კვირაში ერთხელ მოვიყვანთ-ხოლმე. ყველანაირი სიახლისთვის მზად ვარ და რატომღაც მიხარია :)

არავითარი სინანული

ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ყველაფერს ალბათ ზუსტად ისევე გავაკეთებდი, როგორც ვქენი. იმიტომ არა, რომ ჯიუტი ან ქედმაღალი ვარ (ეს თვისებებიც მაქვს რაღაც დოზებში, რა თქმა უნდა). იმიტომ არ შევცვლიდი, რომ ყველა ამ შეცდომის დაშვების გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და ვიქნებოდი სრულიად სხვა ადამიანი. უკეთესი თუ უარესი, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ბედნიერებაა, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასე ხომ უინტერესო იქნებოდა ცხოვრება. ბარიერები და პრობლემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე უხერხემლო არსებები ვიქნებით ყოველგვარი იმუნიტეტის გარეშე. ყოველი შეცდომა და ზოგადად, ყველა მოვლენა, რაღაცნაირად აისახება ჩვენზე. რაღაც მომენტში ბედისწერისაც მჯერა. თუ გნებავთ, უვიცობაში ჩამომართვით. რაღაცა არსებობს :D

არაფერს ვნანობ. აქ არ იგულისხმება სიტუაციები, როცა მართალი არ ვიყავი და ბოდიშის მოსახდელად მქონდა საქმე. არასოდეს მიჭირს ბოდიშის მოხდა. ვერავინ დამაბრალებს არაგულწრფელობას. ჰოდა, არაფერს ვნანობ-მეთქი. არ ვნანობ არცერთ ურთიერთობას, არცერთ კოცნას, არცერთ ღიმილს, არცერთ ცრემლს, არცერთ სიტყვას, არცერთ გრძნობას, არცერთ გათენებულ ღამეს, არცერთ ქცევას..

I'm alive!

არ გავმქრალვარ, უბრალოდ არ დამიწერია. იმიტომ, არა, რომ არ მეწერინებოდა. არც იმიტომ, რომ მეზარებოდა. არც იმიტომ, რომ დრო ვერ გამოვნახე. არც იმიტომ, რომ ცვლილებები არ ყოფილა. პირიქით, ბევრი რამ შეიცვალა. ძირითადად პოზიტიური მოვლენები იყო. პრინციპში აქტიური დღეები მქონდა. ვმუშაობდი, მეგობრებს ვნახულობდი, რაღაც საქმეებზე დავრბოდი... ამ პერიოდში სიღნაღშიც გავისეირნე, კახურ ქორწილშიც მოვხვდი და სტრიპტიზ-ბარსაც ვეწვიე :D თანაც ეს ყველაფერი სხვათა შორის ერთი და იგივე დღეს მოხდა. კიდევ იყო ბევრი სასიამოვნო საღამო მარისთან, ნუცასთან, თაკასთან, ქეთისთან, დეასთან, ნუცისთან და სხვებთან ერთად. ახლა ყველაფრის ჩამოთვლას აზრიც არ ექნება. უახლესი ამბებით გავაგრძელებ. სამშაბათს პრაღაში მივფრინავ დედასთან და ძმასთან ერთად :) იქიდან გერმანიაშიც ვაპირებთ ჩასვლას. ერთი კვირით სრულიად ვწყდები აქაურობას! იმ დღეს ჩემს ერთ მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და მაშინ პირველად მოხვდა ჩემს ბლოგზე. იმას რომ არ ეთქვა, ვერც ვხვდებოდი იმას, რომ ჩემი ოცნება მოგზაურობაზე ასე სწრაფად ასრულდა :) ცხვირწინ მქონდა ეს ყველაფერი და ვერ ვაცნობიერებდი. ალბათ სხვა რამეებშიც ასეა. ბევრი რამ, რასაც ვნატრობ, უკვე მაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავ. იქნებ უფრო ფართოდ უნდა გავახილო თვალები? ჰო, ნამდვილად ასეა. ერთი, რაც ყველაზე მეტად მიხარია, მეგობრებია და საერთოდ, ურთიერთობები. შეუფასებელია!


აპათია



1 თვეზე მეტია, აღარაფერი დამიწერია აქ. ზოგისთვის ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ჩემთვის ძირითადად უღიმღამოდ ჩაიარა. იყო რამდენიმე ნათელი დღე, მაგრამ ისინი არ იყო საკმარისი განწყობის შესაქმნელად.
სამსახურში ერთფეროვნებაა. ახალი წლის მერეც თუ ასე იქნა, წამოვალ იქიდან და უფრო საინტერესო სამუშაოს ვიპოვი. თითქოს ფოტოგრაფიის კურსებზეც მინდოდა მისვლა, მაგრამ რაღაცნაირად მეზარება, ფეხს ვითრევ. არადა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გამახალისებდა და ჩემს შემოქმედებით მხარესაც ნაწილობრივ მაინც განვახორციელებდი.
ახლა ვზივარ აქ და გეწუწუნებით, როცა შემიძლია, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მინდა.
რა მიშლის ამაში ხელს? რა და სტიმულის უქონლობა. დიდი ხანია, ეს მდგომარეობა მიგრძელდება. აი, ისევ ვწუწუნებ. მორჩა, აქ ვწყვეტ, ძალიან მომაბეზრებელია სხვისი წუწუნის კითხვა.
ის, ვისშიც ნამდვილად მიმართლებს, მეგობრებია. მათ გარეშე საერთოდ არ ექნებოდა რამეს აზრი. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვუყვარვარ, ვადარდებ და ყველაფრის თანაზიარია, შვებას მგვრის. რაც უნდა ცუდად ვიყო, მეგობრობაზე მაინც არასოდეს აისახება ეს.

ზამთარი მიახლოვდება და როგორც ჩანს, ამ ზამთრის გადაგორება მარტოდმარტო მომიწევს. არაუშავს, ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)


ბედნიერება

ბედნიერი თუ არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ამით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო. ისიც ბედნიერებაა, ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები, რომ შენი არსებობა 1 დღით გახანგრძლივდა. ისიც ბედნიერებაა, რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია, დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს სმენა და შეგიძლია, ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, გამთენიისას ჩიტების ჟღურტულს, ზღვის ხმაურს... ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტ-ნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას, რაც გაწუხებს ან გიხარია. ისიც ბედნიერებაა, რომ ერთი ქრომოსომა არ დაგაკლდა და მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად აზროვნებ.
ისიც ბედნიერებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენს ქვეყანაში საშინელება დატრიალდა, მაინც გაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ისიც ბედნიერებაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ. ბედნიერებაა, როცა ვიღაცას სჭირდები და ვიღაცა გჭირდება. კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია. ახლა, როცა ამ ნაწერს ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვყოფილვარ :)

Stormy Weather

ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი ამინდი. ცოტა ხანში სახლში მივდივარ და დასველებას ვერ ავცდები :) წეღან ვფიქრობდი, რომ ბოტები მჭირდება. ბავშვობის მერე აღარ მქონია. არადა, ასეთ ამინდში ზედგამოჭრილია. ჰოდა, გადავწყვიტე, აუცილებლად შევიძინო.

მიყვარს წვიმა :)
ის დღე მახსენდება, ჩვენ რომ ვსეირნობდით და გაგვიწვიმდა.
სკოლის ეზოში შევედით, სადაც ხის მორები ეწყო. იქ დავსხედით და კალთაში გეჯექი. ერთმანეთს ვკოცნიდით და თან გვაწვიმდა... ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს ორივე.
ვერ ვგრძნობდით ვერც სისველეს, ვერც სიგრილეს. მხოლოდ ერთმანეთი გვახსოვდა.
მინდა ისევ ისე იყოს ყველაფერი... ძალიან მინდა.

Better now

მიუხედავად გუშინდელი განწყობისა, ახლა ბევრად უკეთესად ვარ.
ამაში ბევრი ადმიანის წვლილია. როგორც კი ცხვირი ჩამოვუშვი, იმდენი
გამამხნევებელი სიტყვა და ქცევა წამოვიდა ჩემი მისამართით, რომ მომენტალურად გამომიყვანა მდგომარეობიდან. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ!
ასეთ მომენტებში თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის სტიმული, გავაგრძელო ცხოვრება და თავი მაღლა ავწიო.
ვეცდები, ყოველთვის გვერდში ამოგიდგეთ, ჭირშიც და ლხინშიც :)

ცას და მიწას შორის...

არაფერი მეტყობა, მაგრამ ცუდად ვარ. სხვა ვერაფერს შემატყობს. ისედაც არასოდეს მიყვარდა სხვების ჩემი პრობლემებით შეწუხება და ახლაც ზედმეტად მიმაჩნია.
მეგობრებმა კი იციან მიზეზი, მაგრამ მათაც თითქმის არ ველაპარაკები ამ თემაზე. საკუთარი თავის შველა ჩემით გადავწყვიტე. ძნელია.
ასე მგონია, რომ სადღაც ჰაერში ვარ გამოკიდებული, ცას და მიწას შორის. იქნებ მე ვარ უმადური და ვერ ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს? მყავს მშვენიერი ოჯახი, კარგი მეგობრები, ნორმალური სამსახური, მაგრამ ის, ვინც ყველაზე მეტად მჭირდება, არაა ჩემს გვერდით. მიზეზი გაუგებარია. წვრილმანის გამო დავშორდით. ვფიქრობ, უბრალოდ საბაბი იყო. ერთადერთხელ ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მაინც ვერაფერი გავიგე და ახლა აღარც ვეკითხები. ალბათ არ უნდა და მორჩა. ძალით კიდევ არასოდეს არაფერი გამოდის და მეთვითონ არ მენდომება. ყოველთვის იმას ვცდილობ, ვიყო თავისუფალი და ის ადამიანიც თავისუფლად გრძნობდეს თავს, ვინც მომწონს ან მიყვარს. ძალიან გულწრფელი ვარ ხოლმე. თითქოს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ურთიერთობა კარგად განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ინგრევა. ჯერაც არ დამიკარგავს სიყვარულის უნარი, ჯერაც შემიძლია, გავუმკლავდე გულისტკენას და ტკივილს, მაგრამ დავიღალე, გამოვიფიტე... ზოგჯერ ასე მგონია, შინაგანად დავბერდი-მეთქი. იმედიც მეწურება თანდათანობით. იმის რწმენა მეკარგება, რომ ოდესმე მეც მეღირსება შედარებით ხანგრძლივი და უღრუბლო ბედნიერება.
რომ იცოდე, რაც ჩემს გულში ხდება, ნეტა როგორ მოიქცეოდი? ფეხებზე გეკიდებოდა თუ სიბრალულის გრძნობა გაგიჩნდებოდა? იქნებ სინანულისაც? არ ვიცი. ახლა ჩვენს ურთიერთობას ”მეგობრობა” ჰქვია. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ მოგნატრებია ჩემი კოცნა? ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ნუთუ არცერთხელ არ მოგდომებია, ჩამხუტებოდი? რამდენჯერმე ხელი ჩამკიდე, ერთი-ორჯერ ხელი გადამხვიე, მაგრამ სულ ეს იყო.
მენატრები. გიყურებ, გესაუბრები, ჩემს გვერდითაც ზიხარ, მაგრამ მაინც მენატრები. ძალიან მენატრები!!!!!!!!

ერთი ჩვეულებრივი კვირადღე

დილიდან ქარი ქრის და მთელი ქალაქი მტვრითაა სავსე.
კვირადღე გამოძინების, დასვენების და უსაქმობის დღეა.
მე მაინც ვერ მოვახერხე გამოძინება, დილას საქმეზე წავედი.
დღეს ბებიას გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა...
ცოტა ხანში სასაფლაოზე მივდივართ. ჯერაც ვერ ვაცნობიერებ, რომ ბებია
აღარ არის. ამ დროის მანძილზე ბევრჯერ დამესიზმრა, მისი ხმა ხშირად მახსენდება
და ბევრ რამეზე მწყდება გული.

სინანული

უკმაყოფილო ვარ იმ ცხოვრებით, რაც ახლა მაქვს. ვნანობ იმას, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გამოვიყენე. საკუთარ თავს არ შევეწინააღმდეგე მაშინ, როცა არასწორად ვიქცეოდი. ვერ დავძლიე სიზარმაცე, რომელიც ყველაფერში ხელს მიშლიდა. არადა, სკოლაში ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. მაშინ ყველას ეგონა, რომ მუდმივად ასეთად დავრჩებოდი. ინსტიტუტში გავზარმაცდი. პირველ და მეორე კურსზე კიდევ არა მიშავდა, მაგრამ მერე ავუშვი. უბრალოდ ფეხებზე დავიკიდე სწავლა. ეს მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა. ძალიან მოუწესრიგებელი სასწავლო პროცესი გვქონდა, ფაქტიურად ექსპერიმენტები ტარდებოდა ჩვენს ჯგუფზე. ისეთი სალექციო კურსები იკითხებოდა, რომელიც არასოდეს წაუკითხავთ ჩვენამდე და ზოგი მას მერეც აღარავისთვის წაუკითხავთ :D მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, უამრავი სხვა ფაქტორი არსებობდა, რომელმაც სწავლის სურვილი დამიქვეითა და თითქმის ჩამიკლა კიდეც. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში ძალიან სუსტია და თითქმის ყველანაირ ენთუზიაზმს კლავს სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებში :D
ამ თემაზე საუბარს მოვრჩები. ჰოდა, ბევრ რამეს ვნანობ-მეთქი. არ მინდა, უშედეგო იყოს ეს სინანული. მთელი ჩემი ნებისყოფა უნდა მოვიკრიბო და ამ სამ საკითხს თავი უნდა მოვაბა: ინგლისურის და ფოტოგრაფიის კურსებზე მივიდე, მანქანის ტარება ვისწავლო. პროგრამა მინიმუმი შეგდენილია. მისი შესრულების შემთხვევაში შემდეგი ინსტრუქციებიც მექნება.

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

მიეცი შანსი მშვიდობას, სიყვარულს, თავისუფლებას!

ახლა აქაა

hit counter

Total Pageviews

მთვლელი